ახალი ამბები

მუჟნიეკსი: აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ ეფექტური გამოძიება უნდა ჩაატაროს

1 ივნისი, 2017 •
მუჟნიეკსი: აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ  ეფექტური გამოძიება უნდა ჩაატაროს

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის, ნილს მუჟნიეკსის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების საქმე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

ნილს მუჟნიეკსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც უნდა მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები:

აღშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან გაიტაცეს და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში, სადაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდული გზით გადაზიდვის ბრალდებები წაუყენეს.

მუხტარლი საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. მან აზერბაიჯანი დატოვა, რათა კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მთავრობის რეპრესიებს გაქცეოდა.

მისი ადვოკატის თქმით, მუხტარლი ამტკიცებს, რომ ფული ჯიბეში გამტაცებლებმა ჩაუდეს და მათ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და სასწრაფო რეაგირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც უნდა დაიწყოს ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება, რომლის შედეგების მიხედვითაც უნდა მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები.

ამასობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მუხტარლი და უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტმა სრულად ისარგებლოს ადამიანის უფლებებით და დაცული იყოს წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან”, – განაცხადა ევროპის საბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

საქართველოს სახალხო დამცველმა 30 მაისს ფეისბუკზე შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ან უნდა მოვისმინოთ განმარტება შსს-სგან და სუს-ისგან როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში, ან აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. სირცხვილი საქართელოს,” -წერდა უჩა ნანუაშვილი.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს.

აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი] და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის [315.2 მუხლი] წარუდგინა. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში  31 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი