ახალი ამბები

რის გამოძიებას აპირებს მთავრობა აგვისტოს ომზე

27 თებერვალი, 2013 •
რის გამოძიებას აპირებს მთავრობა აგვისტოს ომზე

პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “მე-9 არხის” გადაცემა “მთავარ კითხვაში” უპასუხა პრეზიდენტის მიერ მის წინააღმდეგ გუშინ გაჟღერებულ ბრალდებებს.

 

“პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის მინისტრი გამოვიდა და თქვა: ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ის დანაშაულობები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა წინა წლებში აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის პოზიცია გაახმოვანა და გულისხმობდა, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს, იმ ოპერაციებს, როცა ჩვენმა სპეცრაზმმა გადმოათრია იქიდან კოჭოია, რომელიც აფეთქებდა თბილისში და სხვა ადგილებში ობიექტებს…

 

… დღეს ჩვენი მთავრობა, თურმე, აპირებს გამოიძიოს ცხინვალში ე.წ. ოსური გენოციდი. ამავე დროს იგივე რეინტეგრაციის მინისტრი ამბობს, რომ დადგინდა ზუსტად, რომ გაგრის სტადიონზე აფხაზები, თურმე, არ თამაშობდნენ ქართველების თავებით ფეხბურთს. ე.ი. მთავარი, რაზეც იდგა მთელი ჩვენი სამართლებრივი პრეტენზიები, აღმოჩნდა, რომ ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულებანი”, – განაცხადა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების ფონზე ამასობაში რუსეთის მთავრობა აწარმოებს მოლაპრაკებებს სხვადასხვა ქვეყანასთან, მან მაგალითად დაასახელა კუბა და აფრიკის ქვეყნები, რომ მათ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

“ჩვენ კბილებით გვეჭირა ეს არაღიარების პოლიტიკა, ეს არის კატასტროფიული საქართველოსთვის. როცა ასეთ განცხადებას აკეთებს შენი რეინტეგრაციის მინისტრი, მერე იმ კუბელ და აფრიკელ დიპლომატს უჩნდება განცდა, რომ მართლაც ქართველების ბრალია ყველაფერი, თან ქართველები ამბობენ, რომ აფხაზების ბრალი არ ყოფილა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

“ის არის ბოღმა ადამიანი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენმა მთავრობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს”, – ასე გამოეხმაურა სააკაშვილის ბრალდებებს ზაქარეიშვილი. მისი თქმით, აუცილებლად იქნება გამოძიებული საქართველოს მთავრობის მოქმედებები, რამაც, მინისტრის განცხადებით, განაპირობა რუსეთის აგრესია საქართველოზე:

 

“იქ კოჭოიები მე არ მაინტერესებს. თუ მას კუდი ეწვის მაგაზე, მან აშკარად თავის თავი გამოააშკარავა. მას მართლა ეშინია, რომ შეიძლება გამოძიებული იქნას ის, რაც მათ ჩაიდინეს, იმიტომ, რომ მკაფიოდ დაისმება კითხვები”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

რეინტეგრაციის მინისტრის თქმით, კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს: როგორ მოხდა ისე, რომ კოდორში შესვლით, ანუ 2006 წლიდან საქართველოს მთავრობამ გააჩერა ქართულ-აფხაზური დიალოგის მიმართულება? როგორ მოხდა, რომ სანაკაოევის ადმინისტრაციის პროექტის შემდეგ გაჩერდა ქართულ-ოსური მიმართულება? საიდან იცოდა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის დეკემბერში, როდესაც მან დევნილებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთს არ აინტერესებდა ცხინვალი? რატომ გაქრა სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმებიდან, რომელიც მან მოსკოვიდან თბილისში ჩამოიტანა, აფხაზეთის და ოსეთის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ჩანაწერი, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მოხდებოდა აფხაზეთის და ოსეთის სტატუსის განსაზღვრა?

 

“ჩამოაქვს სარკოზის 12 აგვისტოს დოკუმენტი და სააკაშვილი მე-6 მუხლს ცვლის და სიტყვა სტატუსის განსაზღვრა ამოღებულია და იწერება – საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განისაზღვროს უსაფრთხოების ზომები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ვინ უთხრა სააკაშვილს, რომ ამოეღო სტატუსის განსაზღვრა? რადგან, როგორც კი ეს მოხდა, მედვედევმა თქვა, საქართველო არ აპირებს სტატუსზე ლაპარაკს, მას არ უნდა საერთაშორისო გარანტიები, ამიტომ იძულებული ვარ ვაღიარო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიო”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა ძალიან კარგად ჩაითრია სააკაშვილის მთავრობა “წმინდა წყლის რუსული პროექტის” განხორციელებაში:

 

“რუსებმა ძალიან კარგად ჩაითრიეს ესენი ომში და მე კარგად ვიცი, რას ვლაპარკობ. მე ვლაპარაკობ, რატომ თამაშობდა სააკაშვილი რუსეთის თამაშს? მე ხმას არ ვიღებ აფხაზეთის და ოსეთის გენოციდზე”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოსგან შექმნა პრობლემა:

 

“ეკალი შექმნა საქართველოს სახით მსოფლიოში და მუდმივად ვიღაცას უნდა ურჭობდეს ეს ეკალი”.

 

ზაქარეიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბუშის, მაკკეინის, ლუგარის პოლიტიკის გამტარებელი იყო და მისი აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს აშშ-ში:

 

“მას უნდოდა, რომ რუსეთის აგრესია ეჩვენებინა აშშ-ში არჩევნების წინ. სააკაშვილი ვერ ხვდებოდა, რამდენად საშიში თამაში წამოიწყო რუსეთთან.”

 

ზაქარეიშვილის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, რა ტიპის კომისია ან როდის შეიქმნება, რათა აგვისტოს ომის შესახებ კითხვებს პასუხები გაეცეს:

 

“მომავალში ქართველი, ოსი და ფხაზი ხალხი გაიგებს, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში”.

 

ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთს და ოსეთს არანაირი რესურსი არ გააჩნია დამოუკიდებლობად არსებობის, ხოლო საქართველოს აქვს ჯერ კიდევ კონფლიქტის მოგვარების რესურსები.

 

სააკაშვილმა გუშინ ასევე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველოდან ჩრდილოეთ ოსეთში ჩასული დელეგაციის შეხვედრებზე:

 

“ციხიდან გამოშვებული ე.წ. პოლიტპატიმრები რამდენიმე დღის წინ მიავლინეს ჩრდილოეთ ოსეთში, რათა მათ ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია იმის თაობაზე, თუ როგორ მოვუწყვე მე, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, ოს ხალხს გენოციდი”.

 

მისივე თქმით, მას ახსოვს, რომ ცხინვალში, როცა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ატერორებდა ქართულ-ოსურ მშვიდობიან მოსახლეობას, რაღაც გარემოებაში გამოესალმა სიცოცხლეს:

 

“მე არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაგრამ სულაც არ ვნანობ, რომ ისინი გამოესალმნენ სიცოცხლეს. მე ვიცი, რომ აფხაზური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო და კარგად დასაბუთებული, ასობით ქართველის სიკვდილში, გამოესალმნენ სიცოცხლეს საეჭვო გარემოებებში. მე არ ვიცი ზუსტად, არ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს, დასაბუთებით, მაგრამ მე არ მწყინს, რომ იმ ხალხმა ვერ გააგრძელა ქართველების ეთნოწმენდა და ქართველების ხოცვა.”

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი უკვე შესწავლილი აქვს წინა მთავრობის დროს მაშინდელ დროებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიას, ასევე ეს საკითხები შეისწავლა ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი