ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

27 თებერვალი, 2013 •
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

“მადლობა ყველას, მაშინდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელმაც საშუალება მომცა, ვყოფილიყავი ყველა იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ კულტურული პროექტის მონაწილე, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელდა,“ –განაცხადა ხვადაგიანმა.

ხვადაგიანის გადადგომის საკითხი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილეს. დღესვე მის ნაცვლად ახალი თავმჯდომარე – თამაზ მარგველაშვილი აირჩიეს, რომელიც ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრია.

 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატების” წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს ყველაფერი იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, გოჩა თევდორაძის მიერ დადგმული სპექტაკლი იყო:


“ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესებს და არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთი მსახიობის თეატრში, სადაც რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი მსახიობი არის ადამიანი, რომელიც უკვე ცხრა წელია საკუთარი მიზნების და შეხედულებების შესაბამისად მართავს ქალაქს. დროა ამ ქალაქში დამთავრდეს უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე შეიძლება იყოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ამ საფრთხეს ჰქვია იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ქუთაისის საკრებულოს წევრები: კახა ნურალიძე, მამუკა მღვდელაძე, გიორგი სიხარულიძე, გიორგი შავგულიძე, მანანა კიკაბიძე, აკაკი სიხარულიძე, ირინა ივანეიშვილი და დავით დვალი.


ქუთაისის საკრებულოში განხორციელებულ ცვლილებებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ:


ნაციონალ” ამირან ხვადაგიანს კვლავ “ნაციონალი” და წარსულში ნინო ბურჯანაძის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი თამაზ მარგველაშვილი ცვლის. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება დასტურია იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლებაში ისევ “ნაციონალები” რჩებიან.


პარტია ”თავისუფალი საქართველო” აცხადებს, რომ რეალურად აღიქვამს ქალაქში ხელისუფლების ცვლილებას, თუ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გაითვალისწინებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და გადააყენებს მერს და გამოაცხადებს კონკურსს მერის თანამდებობის დასაკავებლად,”- აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი გოგი წულაია.


შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქუთაისში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ამირან ხვადაგიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი