ახალი ამბები

ოთარ კახიძე: ჩვენ გადავიქეცით კანტორად, ეს აღარ არის სახელმწიფო

31 მაისი, 2017 •
ოთარ კახიძე: ჩვენ გადავიქეცით კანტორად, ეს აღარ არის სახელმწიფო

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, თბილისიდან ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველო კანტორად გადაიქცა და სახელმწიფო აღარ არის.

“თბილისის ცენტრში უცხოელ ჟურნალისტს იტაცებს ქართული სპეცსამსახური და სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, გადასცემს მეზობელ სახელმწიფოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გადავიქეცით რაღაც კანტორად, ეს აღარ არის სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფოს აქვს თავისი რეპუტაცია, აქვს თავისი ინსტიტუტები. თუ ვინმეს გადაცემაზეა საუბარი, არსებობს კანონით განსაზღვრული პროცედურა, საექსტრადიციო პროცედურა, სასამართლო ინსტანცია,” – განაცხადა ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ქართული სპეცსამსახურები გარეული არიან ამ  მაფიოზურ გატაცებაში, რაც კატასტროფაა:

“ეს არის ფაქტი, რომელსაც სერიოზული რეაგირება თუ არ მოჰყვა, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს. ეს ნიშნავს, რომ დაცული არავინაა ამ ქვეყანაში და უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, გვაქვს სამსახური, რომელიც რაღაც  გაუგებარ დაკვეთებს ასრულებს. ქვეყნის რეპუტაციას აყენებთ დარტყმის ქვეშ,”- აღნიშნა კახიძემ.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია თბილისში დღეს, 31 მაისს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი