„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ (თდრ) აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას.
“სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის არც მიზეზი და არც საბაბი”, – აცხადებენ პარტიები დღეს, 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარსლისა და თურქი პედაგოგის შემთხვევა არის უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტი:
“ან საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლო უწყებების მხრიდან, ან სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული.”
„თავისუფალი დამოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მოითხოევნ:
[checklist]
- საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.
- საქართველოს პრემიერმინისტრმა პირადად შეამოწმოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებები და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.
- გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე არის პოლიტიკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.
[/checklist]
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს, მობილური კი გამორთული აქვს. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხდებენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები უთვალთვალებდნენ.
აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს და 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. ვრცლად დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.