ახალი ამბები

პრეზიდენტი: რუსეთის დელეგაციას ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ

26 თებერვალი, 2013 •
პრეზიდენტი: რუსეთის დელეგაციას ჩვენი ჩინოვნიკები უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ

სააკაშვილის თქმით, ქართული მხარე რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ღვინის შესამოწმებლად ჩამოვიდა, “უკანა თათებზე დამდგარი” შეხვდა.

 

“ჩამოვიდა რუსეთის დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანაკალებული ხელებით უსხამენ ღვინოებს, აბა, მოეწონებათ თუ არა, და თვალებში შესციცინებენ. გამახსენდა გოგოლის რევიზორი. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში უნდა ჩაუდო 2 კაპიკი და ძალიან ბედნიერი წავა. ყველამ კარგად ვიცით, რისთვის არის ჩამოსული. თქვენ გგონიათ ქიმიკატების გასაზომად არიან ჩამოსულები და ჰგონიათ, რომ ქართულ ღვინოში შხამია? მე მინდა უბრალოდ კითხვა დავსვა. ბავარიული ლორი და ძეხვი რომ შედის რუსეთში, ბავარიის ქარხნებში უშვებენ რუსებს, სადაც დაოთხილები დგანან მათ წინაშე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, რომ როცა ჩამოდიოდნენ, დაოთხილებს გვევლო, გვესიამოვნებინა და მუცელი ხელით გვეფხანა მათთვის? რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს რაღაც მონური კომპლექსი და სურვილი, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ?”


აქვე სააკაშვილმა ქართული ბანკების შესახებ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მათ უმეტესობას რუსული მსხვილი ბანკები ყიდულობენ.


“რამდენიმე დღის წინ “ლიბერთი ბანკი” იყიდა რუსეთის “სბერბანკმა”, ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი და კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული ბანკი ყიდულობს თი ბი სი ბანკს, ნუ “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია. ასევე შემოდის საქართველოში “გაზპრომ ბანკი”, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა. ჩვენი ქონების 60-70% ბანკებშია ჩადებული კრედიტების და იპოთეკის სახით, როცა მათ რუსული ბანკები იყიდის, ეს ქონება რუსეთის ხელში აღმოჩნდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრის დროს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი