ახალი ამბებისაზოგადოება

კლინიკებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ

30 მაისი, 2017 •
კლინიკებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ, თუ საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემიან.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პარლამენტის დეპუტატები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი მუშაობენ. მმართველი გუნდის წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტს უკვე აქვს იურიდიული და საბიუჯეტო კომიტეტების დადებითი დასკვნა.

2017 წლის 1 იანვრიდან ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მომსახურებებით ვერ სარგებლობენ კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი ექიმს ავალდებულებს, პაციენტს აღმოუჩინოს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა, ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე. თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, აღნიშნულ კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება:

“შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა. ბრალეულობის დადგენის პროცესი კი, შესაძლებელია, რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო. პრაქტიკაში გვხვდება ასეთი შემთხვევები. მართალია, კანონქვემდებარე აქტის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების მოვალეობა დახმარების გაწევის შესახებ, თუმცა პრაქტიკაში გარკვეული ხარვეზები მაინც გვხვდება.”

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, არსებული პრობლემები ცხადყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, საჭიროა კანონით განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულება, განახორციელოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

როგორც მმართველი გუნდის წევრები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო რეგულაციებით  ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის გაუმჯობესება  და პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ხოლო მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ ემატება 21 პუნქტი, რომელიც აწესებს სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებას, განახორციელოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუ მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას და გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მათი თქმით, კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას და მისი მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

როგორც მმართველი გუნდის წევრები განმარტავენ, კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ხოლო მისი მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. მათი განმარტებით, კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ასევე, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი