ახალი ამბები

საპროტესტო აქცია პარლამენტთან პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით

26 თებერვალი, 2013 •
საპროტესტო აქცია პარლამენტთან პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით

გიგა ფურცხვანიძის ოჯახის წევრები პატიმრის გათავისუფლებას, ან მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ. მათი მტკიცებით, ფურცხვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მას ოპერაცია და მკურნალობა ესაჭიროება.
გიგა ფურცხვანიძის დეიდის თინათინ ფერაძის თქმით, მისი დისშვილის ჯანმრთელობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც პოლიციელებმა ცემეს:

 

„სამი წლის წინ პოლიციელებმა დაიჭირეს და თბილისში გადაიყვანეს, სადაც სცემეს. გიგას მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა. შემდეგ ნეკნები ჩაემტვრა, რაც არასწორად შეუხორცდა და ხერხემალზე საოპერაციო არის. აქვს სუნთქვის უკმარისობა. ცემის შემდეგ ხუთი დღე მორგში ჰყავდათ მიცვალებულებთან გადაყვანილი და მკვდრად გამოაცხადეს. მაგაზე მძიმე დანაშულში ბრალდებული პირები გამოუშვეს გარეთ. გაათავისუფლონ ან სასჯელი გადაუვადონ, რომ გარეთ იმკურნალოს.“ 

ფერაძის მტკიცებით,  ფურცხვანიძეს მეზობელმა სთხოვა, ფული მაქვს ასაღები, მე არ მაძლევენ და იქნებ შენ როგორმე დამეხმაროო, რის გამოც დაიჭირეს:

„თვითონ რაც აწყობდათ, ის ჩაუწერეს ბრალდებაში. ატყუებდნენ, რომ მალე ათავისუფლებდნენ და ახლა უარი მივიღეთ. ვითხოვთ დახმარებას. ეს ადამიანი გამოუშვან, ციხეში მისი ყოფნა არ შეიძლება. ჩემი დისშვილი მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს, რაც მისთვის დამღუპველია. ყველას ვთხოვთ დახმარებას. ეს ბიჭი გლდანის საავადმყოფოში კვდება. გამოუშვან და სახლში მაინც მოკვდეს,“ – ამბობს თინათინ ფერაძე.

 

29 წლის გიგა ფურცხვანიძეს 11 წელი აქვს მისჯილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი