საქართველოს პროკურატურამ დაახლოებით ერთ კვირის წინ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და ორი

მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის და მაია გიგაურის საქმე გამოითხოვა. პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ორ მოსამართლეს არ აქვს იურისტის კვალიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, 22 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ორი მოსამართლის პირადი საქმეები გაითხოვა, იმავე კვირას კი პროკურატურამ ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს უწყება გაუგზავნა და საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე დაიბარა. პროკურორს მოსამართლისთვის კითხვები 2009 წელს განხილულ ერთ-ერთ საქმეზე უნდა დაესვა.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მკაცრი შეფასება მისცა პროკურატურის ამგვარ ქმედებას.
“პირდაპირ მინდა გითხრათ, მოსამართლისთვის უწყების გაგზავნა და დაკითხვა მის მიერ განხილულ საქმეზე მოწმედ დაკითხვის თაობაზე არის მოსამართლის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და ასევე, პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციის. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ანგარიში მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე. ამასთან, ზეწოლა გახლავთ ორი მოსამართლის პირადი საქმეების გამოთხოვა და მათი შესწავლა პროკურატურაში. ეს საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ და მივიღეთ დასკვნაც, რომ აღნიშნული მოსამართლეების იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები გახლავთ შესაბამისი კანონის მოთხოვნებთან”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიებაზე. კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურამ უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა გამოიძიოს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საკმაოდ არაეფექტურად მიმდინარეობს.
კუბლაშვილის განცხადებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა საქართველოს მთავარი პროკურატურა. უწყების განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლით, პირის მოსამართლედ გასამწესებლად აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში კი შევიდა ინფორმაცია (ადვოკატ ალექსანდრე ალადაშვილის განცხადება და მედიით გავრცელებული ინფორმაცია ), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების ორ მოსამართლეს უმაღლესი იურიდიული განათლება არ გააჩნდა.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ამოღებულია ამ მოსამართლეთა პირადი საქმეები. გამოძიებით დადგინდა, რომ მოსამართლეებს მართლაც არ ჰქონდათ უმაღლესი იურიდიული განათლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოსამართლედ გამწესება წარმოადგენდა კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასრულებს კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რათა გამოავლინოს და ამხილოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების შესწავლის საგანია არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, არამედ დანაშაულის ჩამდენი პირის და დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა, რასაც შედეგად მოჰყვა კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.