ახალი ამბებიხელოვნება

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

29 მაისი, 2017 • 8898
თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა

დღეს, 29 მაისს, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა.  წელს ფესტივალი მესამედ ტარდება და უკვე ტრდიციული სახე მიიღო. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, 2017-18 წლები საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს მოიცავს. სწორედ ამიტომ, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული 17 ქვეყნის 23 ავტორიდან 6 გერმანულენოვანია.

პირველი დისკუსიაც სწორედ გერმანელმა ავტორმა, კატია ლანგე-მიულერმა გამართა. მწერალმა ქართველ მკითხველს საკუთარი ნაწარმოებიდან, სახელწოდებით “ბოროტი ცხვრები” ნაწყვეტი წაუკითხა. ეს რომანი გერმანელი ავტორის შემოქმედებაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება, ის 29 ენაზეა ნათარგმნი და ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ 30-ე ენა, რომელზეც მისი ნაწარმოები ითარგმნება – ქართული იქნება. ნაწარმოებიდან ნაწყვეტის წაკითხვის შემდეგ კი კატია ლანგე-მიულერმა მსმენელთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რონამს ეხებოდა.

შეხვედრა გერმანელ ავტორ, კატია ლანგე-მიულერთან 29.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

გერმანელი ავტორის შემდეგ სტუმრების წინაშე მწერალი ისრაელიდან, ამირ ორთანი წარდგა. საღამო მწერალთა სახლის ბაღში გამართული ღონისძიებით დასრულდა, რიმელშიც პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 29 მაისიდან 2 ივნისამდე გაგრძელდება.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს. თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც მწერალთა სახლში, ასევე, გოეთეს ინსტიტუტში,  კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის დარბაზში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფესტივალის პროგრამის სანახავად გადადით ბმულზე.

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 29.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი