ახალი ამბები

უგულავას ბრალმდებლებისა და დაცვის არგუმენტები

25 თებერვალი, 2013 • 949
უგულავას ბრალმდებლებისა და დაცვის არგუმენტები

უგულავა და მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე არაადეკვატურად მიიჩნევენ პროკურატურის მოთხოვნას გირაოს სახით 1 მილიონი ლარის შეფარდების თაობაზე.

 

პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ გიგი უგულავას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 500 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული. აღნიშნული არგუმენტის გააპროტესტა უგულავამ. მისი თქმით, ეს არის მანიპულაცია, რადგან ამ ფულით ინახავდა ოჯახს და არ შეეძლო ამ ფულის დაგროვება.

 

ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ მოითხოვა განმარტება პროკურორისგან – ჯოზეფ კეისთვის გადარიცხული სადავო თანხა რაიმე გზით დაუბრუნდა თუ არა კეზერაშვილს ან უგულავას? – რაზეც პროკურორმა განუცხადა, რომ ამ სქემით ფაქტობრივი კონტროლი მოიპოვეს უგულავამ და კეზერაშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” და აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ დამატებითი შემოსავალი.

 

პროკურატურა ასევე ითხოვს გიგი უგულავასთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას, რაზეც თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მიაჩნია არჩეული მერისთვის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ხელის შეშლად, რადგან მას სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე ხშირად უწევს მივლინება. უგულავას თქმით, უახლოეს მომავალში არის აზერბაიჯანში საქართველოს დელეაგციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. ასევე აღნიშნა, რომ ის არის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც უნდა ეწვიოს ევროსაბჭოს და, შესაბამისად, ასეთი აკრძალვის დაწესება მას სამსახურებრივ საქმიანობაში ხელს შეუშლის.

 

პროკურატურის კიდევ ერთ მოთხოვნას, რომ უგულავა ყოველკვირეულად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, “ცინიზმის მწვერვალი” უწოდა თბილისის მერმა:

 

“ეს არის იაფფასიანი მცდელობა ოპონენტის დამცირებისა და შეურაცხყოფის. მე აქამდეც შემეძლოს წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ ამ სიამოვნებას ხელისუფლებას არ მივანიჭებ”, – განაცხადა უგულავამ. 

 

ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ მოსამართლეს წარუდგინა ორი შეუმდგომლობა: ერთს ხელს აწერს 20-ზე მეტი პარლამენტარი, ხოლო მეორეს – თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებიც თავდებად უდგებიან გიგი უგულავას. ამაზე მოსამართლემ განუცხადა ადვოკატს, რომ საკმარისი იქნებოდა 3-4 ადამიანის თავდებობა, რის შემდეგაც გიგი უგულავას თავდებში დაუდგნენ: პარლამენტის წევრები- დავით საყვარელიძე, დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი კოკი იონათამიშვილი.

 

ამას შეეწინააღმდეგა პროკურატურა. პროკურორის თქმით, თავდებად ამ პირების დაყენება არის მიუღებელი, რადგან ის კორუფციული სქემა, რომელიც განახორციელა უგულავამ, ემსახურებოდა “ნაციონალური მოძრაობის”ინტერესებს და, შესაბამისად, ეს პირები არიან “ნაციონალურის მოძრაობის” წევრები.

 

მოგვიანებით მოსამართლემ პროკურორებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმცია გიგი უგულავას საკუთრებაში არსებული ქონების და შემოსავლების შესახებ, რითაც ის შეძლებს მილიონი ლარის გადახდას, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ უგულავას მამა ფლობს თბილისში სოლიდური ღირებულების მიწის ნაკვეთს, თუმცა ვერ დააკონკრეტა მისი ღირებულება.

 

უგულავას თქმით, მის ინტერესშია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და, შესაბამისად, არ აპირებს დაემალოს გამოძიებას. მან მოითხოვა პროცესის სრული აუდიო-ვიდეოჩაწერა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ.

 

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, პროკურატურა მისთვის ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, რასაც არ ეთანხმება მისი ადვოკატი გოგიტა გაბაიძე. გაბაიძის თქმით, კეზერაშვილი საქართველოში არ იმყოფება და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის უცნობია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის თაობაზე, რის გამოც ადვოკატი მოითხოვს კეზერაშვილისთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას.

 

ამ წუთებში მოსამართლე გასულია გადაწყვეტილების გამოსატანად. 150-კაციანი დარბაზი, სადაც უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სავსეა. დარბაზში არიან საპარლამენტო უმცირესობისა და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები.

 

გიგი უგულავამ სასამართლოზე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმე უკავშირდება პრემიერის მხრიდან თბილისის მერიის დაპატრონების მცდელობას, რაზეც მოსამართლემ მიუთითა, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებებისგან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი