ახალი ამბები

კიკვიძის ძეგლი წარწერით – “ჩამომიღეთ!”

25 თებერვალი, 2013 •
კიკვიძის ძეგლი წარწერით – “ჩამომიღეთ!”

ქუთაისის ვიცე-მერის ამირან ძოწენიძის თქმით, როცა კიკვიძის ძეგლს აკეთებდნენ, მისი ფოტო არ არსებობდა, რის გამოც ნატურად დევი ივანოვ ჩიქოვანის სახე გამოიყენეს:

“ერთი დადებითი, რაც აქვს იმ ძეგლს, კარგი ადამიანია იქ გამოხატული. ორი წლის წინ გარდაიცვალა. სცენარისტი იყო. მუშაობდა საზოგადოებრივ ტელევიზიაში. კარგი რაც აქვს იმ ძეგლს, ეგ არის.”

 

მისივე განცხადებით, ვასილ კიკვიძის ძეგლის ადგილი ქუთაისში არ არის:

 

“ვასილ კიკვიძე  იყო უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი, მემარცხენე ესერი, რომელიც ებრძოდა უკრაინელებს და სპობდა უკრაინელების თავისუფლებას, იბრძოდა რუსების მხარეს და ახლა როგორი უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება? მე მგონი, ყველა ნორმალური ადამიანის დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი. კიკვიძის ძეგლის ადგილი ქუთაისში არ არის. ჩვენი მეგობრები არიან უკრაინელები და მტრები არიან რუსები და მტრის მხარეს იბრძოდა. მე იმ ხალხის არ მესმის, ვისაც სხვანაირი დამოკიდებულება აქვს. ნაძირალა რევოლუციონერი იყო, რომელიც ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. მე იმ ხალხის არ მესმის, ვინც ეს ძეგლი აქამდე აქ გააჩერა”.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს “ზასტავის” (უბანი ქუთაისში, სადაც კიკვიძის ძეგლი დგას) დასახლებაში მცხოვრებ ერმილე ნემსაძეს. მისი აზრით, კიკვიძე ნამდვილი მეომარი იყო:

 

“ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი რაღაც დამკვიდრდა, ფეშენ-მოდერნისტული სისულელეები. დგამენ ჩუსტების ძეგლს, დგამენ უცნობი რეპერის ძეგლს, დგამენ ველოსიპედის ძეგლს და გმირების ძეგლს იღებენ. ეს პიროვნება ჩემთვის ნამდვილი მეომარი იყო, მე ყოფილი სამხედრო ვარ და ვიცი, ომი რა არის. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, დავანგრიოთ ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდში შეიქმნა? ეს სახლებიც დავანგიოთ მაშინ, ისტორიები დავწვათ, გავასწოროთ ქვეყანა მიწასთან.”

 

ნემსაძე წარწერის გამკეთებელს აფრთხილებს:

 

“ამ ნაძირალას მინდა ვუთხრა, თუ კიდევ ერთხელ შევამნჩნევ, რომ ჩემს უბანში ვინმე ძეგლს რამეს აწერს, მისი სისხლით შევღებავ ამას.”

 

როგორც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ძეგლის დემონტაჟი არ იგეგმება:

 

“ძეგლი რომ აიღო, ამისთვის თანხებია საჭირო. უნდა გაკეთდეს მოსამზადებელი სამუშაო, დადგინდეს ხარჯთაღრიცხვა და ჩაიდოს ბიუჯეტში. არანაირი ძეგლის აღებას არ ვაპირეთ, ამისთვის თანხა არ არის გამოყოფილი,”- განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

 

ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-18 წწ.). მსახურობდა მოხალისეთა კავალერიაში, იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს არჩეული იქნა მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. ამის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში. დაკრძალეს მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

ვასილ კიკვიძის ძეგლი 1959 წელს დაიდგა ქუთაისში (მოქანდაკე: ვალერიან მიზანდარი, გოგი ნიკოლაძე, არქიტექტორი – გ. თოდაძე). ქანდაკება წარმოადგენს ვასილ კიკვიძეს წითელარმიელის ფორმაში, ნაბადმოსხმულს, მუხლებამდე გამოსახულებით. კიკვიძეს მარცხენა ხელი ხმალზე აქვს დაყრდნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი