ახალი ამბები

გამოძიების თანახმად, ორ მოსამართლეს იურისტის კვალიფიკაცია არ აქვს

24 თებერვალი, 2013 • • 2067
გამოძიების თანახმად, ორ მოსამართლეს იურისტის კვალიფიკაცია არ აქვს

პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ორ მოსამართლეს არ აქვს იურისტის კვალიფიკაცია:

 

“ეს არის მეორადი სწავლების განყოფილების დიპლომები, რომელიც პირს არ ანიჭებს იურისტის კვალიფიკაციას,  შესაბამისად, ასეთი დიპლომი არ არის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსამართლეს უნდა გააჩნდეს იურისტის კვალიფიკაცია” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” პროკურატურის პრესსამსახურში. 

 

მათივე განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს. 

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან სატელეფონო კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ 

 

“საქმე ეხება ორი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძისა და მაია გიგაურის დანიშვნის კანონიერებას, როგორც გაჟღერდა, მათი დანიშვნა მოხდა თითქოსდა არასათანადო იურიდიული კვალიფიკაციის საფუძველზე, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიპლომი, რომელიც ამ ორ მოსამართლეს გააჩნია, შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი.  კანონმდებლობა განმარტავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კონრეტულად განმარტავს, რომ ეს დიპლომი, რომელიც მათ გააჩნიათ, შეესაბამება უმაღლეს იურიდიულ განათლბას. შესაბამისად, ამ დიპლომით დასტურდება, რომ ამ ორ მოსამართლეს აქვს შესაბამისი იურიდიული განათლება სამართლამცოდნეობის სპეციალობის კვალიფიკაციით. ამიტომ, ვფიქრობ, აბსურდულ საქმესთან გვაქვს საქმე”– განაცხადა ცერცვაძემ. 

 

მაია გიგაური რუსთავის  რაიონული სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი