იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის გაუმჭვრივალე პროცესს აპროტესტებენ. პარალელურად, უკვე დაიწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.
“მოითხოვე ღირსეული სასამართლო ხელისუფლება ” – ასე ეწოდება აქციას, რომლის მონაწილეები კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრი ორგანიზაციები არიან.
დღეს, 29 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღის წესრიგში არის საკითხი, რომლის თანახმადაც, უნდა გადაწყდეს სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ გააძლიერებს კლანურ მმართველობას სასამართლოში.
მათივე თქმით საბჭოს დღევანდელ სხდომას საეჭვოდ დაემთხვა რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის გადადგომა “აიფონ +”-ის საქმის გამო, რომელიც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამ თანამდებობაზე მოიაზრება უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ახლახან უვადოდ დაინიშნა.
“საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით და მის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გამუდმებით ისმის კითხვის ნიშნები. დღეს საბჭო კვლავ აპირებს, რომ 5 წლის ვადით დანიშნოს ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარე, რაც კლანური მმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. კანონის დღეს მოქმედი რედაქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ გამჭვირვალედ მოხდეს სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა, რაც კლანური მმართველობის და სასამართლოში გამჭვირვალე პრაქტიკის განმტკიცებას უწყობს ხელს,”-განაცხადა აქციის ერთ-ერათმა მონაწილემ, IDFI-ის წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.