პაოლო ალი: ასამბლეა მუდმივად გმობს რუსეთის ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ აღნიშნა, რომ ნატოს საპარალამენტო ასამბლეა მუდმივად გმობს რუსეთის ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პაოლო ალის თქმით, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში:

” ჩვენ ვაგრძელებთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვერენიტეტს, ეს არის  ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი თანამშრომლობისა. ასამბლეა მუდმივად გმობს რუსეთის ოკუპაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ყოველდღიურად რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოს მეტი და მეტი მიწები მიიტაცოს და გააძლიეროს თავისი ზეგავლენა აქ. ჩვენ ვნახეთ ადმიისტრაციული საზღვარი და რუსეთის მცოცავი ანექსია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის.

მომავალ თვეს ჩვენ დავასრულებთ ჩვენი მულტინაციონალური ბატალიონების განთავსებას, რომელიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგნელობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამასთანავე, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. ეს დამცავი ზომები წარმოადგენს ჩვენი სოლიდარობის ძლიერ დემონსტრირებას  რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ. ნატო ასევე თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან ორივე რეგიონში, ორივეს ეხება რუსეთის აგრესია. ეს არის ფინეთი და შვედეთი ბალტიაში, საქართველო და უკრაინა- შავ ზღვაში. ასევე ნატო ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში” – თქვა პაოლო ალიმ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისკენ.  დღეს კი სრულდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესია საქართველოში:

“საქართველომ შემოგვთავაზა მასპინძლობა, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველოს მოსახლეობას აშკარა არჩევანი აქვს გაკეთებული – საქართველო ნამდვილად  ეკუთვნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს. საქართველოში ჩამოსვლისას ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე, თუ როგორი ერთიანი სულისკვეთება აქვს ქვეყანას. საქართველოს მოსახლეობას მტკიცედ სჯერა, რომ მათი მომავალი ნატოსთან და ევროკავშირთან  ერთად არის, რაც ამ სამი დღის განმავლობაშიც დავინახე. ამ შეხვედრების დროს მთელ ქვეყანაში გამოიხატა დიდი სულისკვეთება. მე მესმის, რომ საქართველოს მართლაც ეამაყება, რომ უმასპინძლა ამ საპარლამენტო ასამბლეას. ასევე ჩვენც გვეამაყება, რომ ეს სესია საქართველოში ჩავატარეთ” – თქვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

პაოლო ალის თქმით, ნატო არ არის მხოლოდ თავდაცვის ალიანსი. ესაა კავშირი საერთო ღირებულებების გარშემო, როგორიცაა დემოკრატია, ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა. საქართველო კი, ალის შეფასებით, ნამდვილად იზიარებს ამ ღირებულებებს და ქვეყანამ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან თვალსაჩინო ტრანსფორმაცია განიცადა:

“ნატო – ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის ალიანსი. ეს არის კავშირი, საერთო ღირებულებებით, დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებების, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის. კითხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იზიარებს ამ ღირებულებებს. ეს დიდი ტრანსფორმაცია, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო 15 წლის განმავლობაში, ძალიან თვალსაჩინოა” – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართა. თბილისში დაგეგმილი დღის წესრიგი სხვადასხვა დისკუსიას მოიცავდა. საგაზაფხულო სესიაზე დეკლარაციაც მიიღეს, რომელმაც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭირა მხარი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.