ახალი ამბები

აქცია გიგი უგულავას მხარდასაჭერად [Video]

23 თებერვალი, 2013 •
აქცია გიგი უგულავას მხარდასაჭერად  [Video]

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 23 თებერვალს, 2 საათზე იყო დაბარებული. მისმა მხარდამჭერებმა საგამოძიებო სამსახურის წინ მოგროვება დაახლოებით პირველი საათიდან დაიწყეს. იქ შეიკრიბნენ: “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, უგულავას ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და მისი მხარდაჭერები. 

 

გიგი უგულავას გამოჩენამდე სხვადასხვა განცხადება გაკეთდა, ყველა კომენტატორი აცხადებს, რომ თბილისის მერისთვის ბრალის წაყენება პოლიტიკური ზეწოლაა და ერთ მიზანს ისახავს–ოპოზიცის განადგურებას. 

 

 

 უგულავას გამოჩენას შეკრებილები ტაშით შეხვდნენ, ასევე სკანდირებდნენ: “გაუმარჯოს გიგის” “გიგი! გიგი!” აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსფარანტები, რომელზეც ეწერა -“გიგის არ შეეხოთ фарчакебо”, აქციის მთავარი ლოზუნგი კი იყო -“არ დავუთმოთ თბილისი ბიძინა ივანიშვილს”. 

 

აქციის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი უძღვებოდა, მოგვიანებით იგი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ხაბაზმა შეცვალა.  სანამდე თბილისი მერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა, მანამდე აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ: დავით ბაქრაძე, ვანო მერაბიშვილი, გიორგი ბარამიძე, გიორგი ვაშაძე და სხვები.  

 

გოკა გაბაშვილი ხშირად აღნიშნავდა, რომ პოლიციამ გზა გადაკეტა. გზა მართლაც იყო გადაკეტილი, ფეხით მოსიარულეებს შემოსვლაზე პრობლემას პოლიციელები არ უქმნიდნენ, თავისუფლი გადაადგილება ავტომობილებს შეეზღუდათ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ  საპატრულო მანქანები და პატრულის თანამშრომლები.  ოთხის ნახევრისთვის კი მოძრაობა აღდგა. 

 

გიგი უგულავამ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით ორი საათი გაატარა. გამოსვლისას მას ასევე ტაშით შეხვდნენ. უგულავამ მადლობა გადაუხადა ყველას გაწეული თანადგომისთვის:

 

“მენდეთ, მეგობრებო, არ არსებობს სიმართლე, რომელიც გაიზომება სიმრავლით, სიმართლე გაიზომება მხოლოდ ერთი საზომით და მას ზომავს ისევ და ისევ სიმართლე. უმრავლესობა, ხალხის აზრით მანიპულირება, საზოგადოებით მანიპულირება არის ის მოკლე გზა, რომელიც ამ მთავრობას მიიყვანს ჯოჯოხეთამდე. მე მათ ამას არ ვუსურვებ, ნამდვილად არ ვუსურვებ იმიტომ, რომ მე მიყვარს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენნაირად შეიძლება არ აზროვნებს, მაგრამ აქვს პატივისცემა განსხვავებული აზრის, მაგრამ ვერასდროს ვერ დავუთმობ და არ დავუთმობ იმ ადამიანს, ვისაც სურს განსხვავებული, განსხვავებულად მოაზრონე ადამიანი გაანადგუროს.  ჩვენ აქამდე ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განადგურების მოწოდებებს.  ამას ქართველი ხალხი არასდროს არ ეგუებოდა და არ შეეგუება.  ჯობია, წარსულ გამოცდილებაზე, მათ შორის წარსულ შეცდომაზე ისწავლოს მან, ვინც დღეს მართავს ქვეყანას, სხვა შემთხვევაში ის შეცდომა, რომელსაც ის დაუშვებს, იქნება გაცილებით უფრო მტკივნეული”– განაცხადა მან.

 

როგორც უგულავას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  უგულავა დაიკითხა და მან დუმილის უფლება გამოიყენა:

 

“მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ, ტელეკომპანია “იმედზე” ერთი ეპიზოდი, ხოლო იგივე მუხლები “თბილსერვისის” ეპიზოდში ითვალისწინებს 7–დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მას ასევე წარედგინა 194–ე მუხლის მესამე ნაწილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, რაც ითვალისწინებს 9–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას,  მოხდა მისი დაკითხვა, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, გადმოგვეცა დაახლოებით 50 ტომი გასაცნობად” –განაცხადა გაბაიძემ. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ მიმართავს. 

 

აქცია
აქცია

 

აქცია
აქცია

 

გადაკეტილი გზა
გადაკეტილი გზა

 

მობილიზებული საპატრულო მანქანები
მობილიზებული საპატრულო მანქანები

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი