ახალი ამბები

ალი: სამიტი თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან

28 მაისი, 2017 •
ალი: სამიტი თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან ერთად სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვა იმის დემონსტრირებაა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან.

“ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ, რა ხდება აქ – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფება თბილისში და მართავს საგაზაფხულო სესიას, რათა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, დღეს ჩვენი აქ ყოფნა ასევე სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია, ჩვენი თვალით ვნახოთ და შევიტყოთ იქიდან, რაც გვიამბეს, რომ ვითარება აქ მართლაც დრამატულია. გვესმის, რომ მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და წესებისთვის. ასე რომ, ეს იქნება შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში და მოვუყვეთ მათ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას,” – ეს განაცხადება პაოლო ალიმ  ოძისში მედიასთან საუბარში გააკეთა.

26-29 მაისს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება. თბილისში დაგეგმილი დღის წესრიგი სხვადასხვა დისკუსიას მოიცავს. საგაზაფხულო სესიაზე დეკლარაციის მიღებასაც ელოდებიან, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი