“რაც შეეხება რობაქიძის საქმეს, ვფიქრობ, რამდენი ტყუილი გავრცელდა, ამ დღეებში გამოჩნდა. ახლა პრობლემა ისაა, თუ ამდენი წელი არსებობდა ეს ჩანაწერი, ამდენი ხანი სად იყო და ეს კიდევ ერთი ჩავარდნაა ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და საერთოდ სასამართლო სისტემის. მაგრამ გაითვალისწინეთ, ვლაპარაკობთ 2004 წელზე, მთელი გაი და პოლიცია გავუშვით, მოვიყვანეთ ეს ხალხი ნაჩქარევად, ნაჩქარევად დავურიგეთ იარაღი, გავატარეთ რამდენიმეკვირიანი საწვრთნელი კურსი, როცა უცხოეთში ამას ჭირდება 2–3 წელი და ასე პირდაპირ გავუშვით გარეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა
პრეზიდენტის განცხადებით, შეუძლებელი იყო, რომ ძველი პოლიციელი სისტემაში დარჩენილიყო, მაგრამ დანაშაული კატასტროფულ დონეზე იყო საქართველოში:
“რაღაცა უნდა გვექნა. ეს ხალხი, ვინც იქ დარბის (რობაქიძის დაღუპვის კადრებში ასახული პოლიციელები) და დღევანდელი პოლიცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იყო ახალფეხადგმული პატრული და საშინლად იქცევიან, მე ვნახე ის კადრები. ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობაა ასახული. გაუვარდა-არ გაუვარდა, როგორია ამის ყურება? მშობლებისთვის როგორი უნდა იყოს ამის ყურება? – კატასტროფა. მაგრამ ისტორია არის შემდეგი: დღეს ეს რატომ გამოჩნდა? მთელი ეს წლები ლაპარაკობდნენ, რომ ეს ის კი არ იყო, რაც არის ასახული, თუ ეს მართალია, უნდა წავიდეს საერთაშორისო ექსპერტიზაზე. ყველაფერი იყო ასე კი არა, არამედ სულ სხვანაირად. მთელი ეს წლები ისმის ლაპარაკი, მკვლელებო, სისხლისმსმელებო, რა თქმა უნდა, არავის განზრახვა არ ყოფილა ვინმეს ქუჩაში დახოცვა. განზრახვა იყო ერთი: საქართველოში კრიმინალის შეჩერება. საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც მასობრივად ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ კრიმინალები, მე მინდა ეს ყველას შევახსენო”.
პრეზიდენტმა საილუსტრაციოდ გაიხსენა 1992 წელი, როდესაც იგი პაემანზე ხვდებოდა გოგონებს და მისი თქმით, როდესაც ის სახლში აცილებდა მათ, გაცილება გმირული საქციელი იყო, რადგან საღამოს საათებში დაბრუნდებოდი თუ არა უკან, არავინ იცოდა:
“ჩვენ, რომ აშშ–ის და ინგლისის პოლიცია არ გვყავდა, ყველამ კარგად ვიცოდით, ეს იყო ის ხალხი, ვინც გვყავდა, ეს ხალხი უნდა გაგვეწვრთნა და მოგვემზადებინა. თქვენ ხომ ნახეთ, რომ ასეთი რაღაცები ბოლო წლებში აღარ ხდებოდა, ეს იყო პირველ წლებში, ეს შეტაკებები, სროლები.”
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში დადანაშაულებული ადამიანების შეწყალება, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
“არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება – არა. ამ დროისთვის უკვე დროშად იყო გადაქცეული. ჯერ ერთი, მე არ შემიწყალებია, სამხედრო ამნისტია შეეხო, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა. ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, რაც ხდებოდა 92 წელში, უბრალოდ, ამჯერად დამნაშევეები აღმოჩნდნენ არა კრიმინალები, არამედ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებიც რამდენიმე დღეში დააკავა იმავე პოლიციამ, მინდა შეგახსენოთ. მაგრამ ეს გადაიქცა ერთი პოლიტიკური თემის დროშად. ამიტომ პოლიტიკური ამნისტიები არ შეიძლება. მაშინ პოლიტიკურმა ამნისტიამ გამოუშვა რამდენიმე კაცი, დღეს უშვებს 12 000 ადამიანს, აქედან რამდენია მკვლელი, მძარცველი, ბევრი ადამიანის გამაუბედურებელი. ახლაც პოლიტიკური ამნისტია და მაშინაც პოლიტიკური ამნისტია იყო. ვთქვათ, იყო შეცდომა და ვაღიარებ, რომ შეიძლება იყო შეცდომა. თქვენ რაღაზე იმეორებთ? 12 000 კაცზე იმეორებთ იგივეს? ამიტომ მოდით, ვისწავლოთ იმ შეცდომებზე, რომლებიც იყო. სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, გავაგრძელოთ ქვეყნის სვლა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც ნულიდან დავიწყეთ მაშინ”– განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მაშინდელმა შსს-მ ამავე უწყების ოთხი თანამშრომელი – გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილურიძე დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძესა და ალექსანდრე ღაჭავას შვიდ-შვიდი წელი მიესაჯათ. 2009 წლის მარტში კი ისინი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.






