საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტები, შეიარაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობაა, ისლამური სახელმწიფო და ტერორისტული საფრთხე იყო ის საკითხები, რომლებიც დღეს, 27 მაისს, თბილისში შეკრებილმა ასეულობით სტუმარმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განიხილა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 4 დღეს გასტანს, ამიტომ თითოეული დღე თემატურად, კომიტეტების მიხედვითაა დაყოფილი. დღეს დილიდან პარალელურ რეჟიმში სამი კომიტეტის- თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხდომა მიმდინარეობდა.
თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა, სადაც საქართველოს თავდაცვის პრიორიტეტების შესახებ ახლო და გრძელვადიანი გამოწვევების ფონზე ისაუბრა. როგორც მინისტრი აცხადებს, თავდაცვის უწყებაში რეფორმის სტრატეგია ოთხ მიმართულებად იყოფა. აქედან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება თავდაცვის ბიუჯეტში ადეკვატური თანხის ინვესტირებაა. იზორია აპირებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი გამოიყოს:
“ჩვენ [ნატოს] ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა ეს პროცენტული მაჩვენებელი ჩვენთვის უფრო დიდი უნდა იყოს, რადგან მემკვიდრეობით ძველი საბჭოთა ტექნიკა გვერგო, რომელსაც უფრო მეტად სჭირდება გადაიარაღება, ეს კი მნიშვნელოვანწილად თანხებზეა დამოკიდებული. ნატო-ს მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ საერთო თავდაცვის ბიუჯეტის 20% აღჭურვილობაზე იყოს მიმართული. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. თუ ადრე თავდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 2% იყო აღჭურვილობისთვის გათვალისწინებული, მიმდინარე წლის ბიუჯეტით არის 6%”, – განაცხადა იზორიამ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა. როგორ მინისტრმა თქვა, ამჟამად საერთაშორისო მისიებში [ ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და მალი] 871 საქართველოს სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს:
“ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არამედ თქვენთან ერთად ხელი შევუწყოთ წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას. ეს არის მნიშვნელოვანი გარანტი, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისთვის და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას, ბუნებრივია, გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ მზაობა, რომ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობას“, – განაცხადა იზორიამ.
ლევან იზორიას შემდეგ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც გენერალურ შტაბში გატარდა და რომლის მთავარი ინსპირაციაც 2008 წლის აგვისტოს ომი გახდა. რეფორმა გულისხმობდა როგორც კადრების შემცირებას, ასევე გარკვეულ მიმართულებების განვითარების შეჩერებას, მაგალითად, ასეთია საავიაციო შესაძლებლობები. როგორც ჩაჩიბაიამ განმარტა, მასზე რესურსის დახარჯვა არ ღირს, რადგან საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევის, რუსეთის, საჰაერო თავდაცვის სისტემა განსაკუთრებულად ძლიერია:
“ამიტომ გაჩნდა შეკითხვა, რატომ უნდა შევინარჩუნოთ ისეთი რამ, რისი გამოყენებაც შეუძლებელია იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე არსებობს”,- ამბობს ჩაჩიბაია.
გენშტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, სხვადასხვა ცვლილების ფონზე მთავარ სიახლედ შეიარაღებული ძალების ომის წარმოების პრინციპების შეცვლა რჩება. ჩაჩიბაიამ განმარტა, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე მისი მეზობელი ქვეყნისგან მომდინარეობს და მის წინაშე მხოლოდ სიმეტრიული მოქმედება არაა საკმარისი. ამიტომ ახლა ასიმეტრიულ მიდგომებს იყენებენ. [ასიმეტრიულია საომარი მოქმედებები, როცა ორი დაპირისპირებული მხარის რესურსები არსობრივად განსხვავებულია. ასეთი ბრძოლა მოითხოვს არა ტიპური ბრძოლის სტრატეგიას და ტაქტიკას, არამედ სუსტი მებრძოლები ცდილობენ სტრატეგიის გამოყენებით შეავსონ რაოდენობრივი ან ხარისხობრივი დეფიციტი. ასეთი სტრატეგია შესაძლოა მილიტარისტული სულაც არ იყოს]
“ნატოსთან თავსებადობის კუთხით გვაქვს გარკვეული საშინაო დავალებები, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, თუ საქართველოში რომელიმე ინსტიტუტი არსებობს ნატოსთან თავსებადი, ეს შეიარაღებული ძალებია”,- განაცხადა ჩაჩიბაიამ.
[blue_box]ისლამური სახელმწიფო: მეტამორფოზა და შედეგები ნატოს წევრი ქვეყნებისთვის[/blue_box]
დღევანდელი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტერორიზმთან ბრძოლა იყო. ლიმერიკის უნივერსიტეტის მშვიდობისა და განვითარების კვლევების ლექტორმა მირიამ ბენრაადმა ისლამური სახელმწიფოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ისლამური სახელმწიფოს ნარატივის საპირწონედ ნატოს წევრი ქვეყნები არასაკმარისად მუშაობენ. იგი ისლამურ სახელმწიფოს არა მხოლოდ როგორც მილიტარისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას, ასევე მკვეთრად იდეოლოგიურ წარმონაქმნად განიხილავს და ამის გამოა, რომ წარმატებულად პოულობს მიმდევრებს ევროპულ ქალაქებში, განსაკუთრებით კი- ახალგაზრდებში.
მირია ბენრაადმა ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე, რომლებსაც ტერორისტები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. ლექტორი თვლის, რომ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა “ფეისბუქი” და “ტვიტერი”, უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ. დასახელდა მაგალითები, როდესაც კონკრეტული “ტვიტი” ან “პოსტი” გამოქვეყნებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ წაშალეს და უამრავმა ადამიანმა შეძლო მისი წაკითხვა.
როდესაც ბენრაადს პრობლემის გადაჭრის გზებზე ჰკითხეს, მან აღნიშნა, რომ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც შეზღუდვების შემოღების გამო შესაძლებელია ინტერნეტის თავისუფლებას ზიანი მიადგეს. მან ისეთ თეორიულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა, რაც სკოლებში ამ მიმართულებით საგანმანათლებლო ჩარჩოს გაძლიერებას გულისხმობს.
“ტერორიზმი რეალური პრობლემაა და სანამ გამბედაობა არ გვყოფნის, რამე მნიშვნელოვანი გავაკეთოთ ამის წინააღმდეგ, ეს გაგრძელდება”,- ამბობს ბენრაადი.
იმის გამო, რომ ტერორიზმი კიდევ უფრო პრობლემურია მსოფლიოსთვის, მომხსენებლებმა ორი საერთაშორისო ორგანიზაციის, ნატოსა და ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
“ორი ორგანიზაციის თანამშრომლობის ძალისხმევას ბევრად უფრო დიდი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, სამხედრო ძალისა და რბილი ძალის კონსოლიდაციას გაცილებით დიდი მასშტაბის გავლენა ექნება, ვიდრე თითოეულს ცალ-ცალკე”,- ამბობს მირიამ ბერნაარდი.
გენერალურმა მომხსენებელმა ჟან მარი ბოკელმა წარმოადგინა ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპელი მოკავშირეები ამცირებდნენ თავდაცვაზე გაწეულ ხარჯებს ბოლო 10 წლის მანძილზე, 2014 წლამდე. მაშინ, როცა იგივე ხარჯები რუსეთის შემთხვევაში 97%-ით იზრდება, ხოლო ჩინეთის -167%-ით.
“ევროპისთვის ეს ტენდენცია არ არის მდგრადი, იმ შემთხვევაში, თუ ამ კონტინენტს სურს მთავარ საერთაშორისო მოთამაშედ დარჩეს”,- ამბობს ის.
მართალია, საქართველო არ იყო ამ დისკუსიის აქტიური მონაწილე, თუმცა ისლამური სახელმწიფოს შესახებ შეკითხვა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასაც დაუსვეს. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურების აქტიური მუშაობის შედეგად, სირიაში ახალგაზრდების გადინების თვალსაზრისით საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მინიმუმამდეა დაყვანილი.