ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

27 მაისი, 2017 • 3428
იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

დღეს, 27 მაისს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

სტრააბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისია იმ 24 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს.

გასაუბრებაზე დასწრება ჟურნალისტებს შეეძლებათ, თუმცა, ჩამწერი აპარატურის და მობილური ტელეფონის გარეშე. თუკი სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი განაცხადებს,  რომ მისი გასაუბრება მედიის გარეშე ჩატარდეს, კომისია კანდიდატს მედიის დასწრების გარეშე გაესაუბრება.

ამჟამად კომისია უკვე 6 კანდიდატს გაესაუბრა. ჟურნალისტის დასწრების სურვილი ყველა მათგანმა გამოთქვა.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა:

კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას; კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, კომისიის სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია,  რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება  ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე, და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი;

„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;

სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი