გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად “ტეტე”-ს სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა”, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიებას აწარმოებს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსი დევი სირაძე თბილისში, ნუცუბიძის ქ.#26 ა-ში, სადაც სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ცხოვრობს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.