ნეტგაზეთი | უფლება დასვენებაზე – პარლამენტი უქმე დღეების გადახედვას გეგმავს უფლება დასვენებაზე – პარლამენტი უქმე დღეების გადახედვას გეგმავს – Netgazeti
RU | GE  

უფლება დასვენებაზე – პარლამენტი უქმე დღეების გადახედვას გეგმავს

საქართველოში 17 ოფიციალური უქმე დღეა. ესენია  სახალხო და მართლმადიდებლური დღესასწაულები. სხვა კონფესიების მნიშვნელოვანი თარიღები უქმე არ არის. გადასახედია თუ არა ამ დღეების ჩამონათვალი ?

არსებული სურათი

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოში 3 097 600 მართლმადიდებელია, 398 700 მუსლიმი, 109 ათასი მოქალაქე სომხური‐სამოციქულო ეკლესიის აღმსარებელია, ხოლო 19 200 -კათოლიკე.

თუმცა ამ კონფესიის არც ერთი დღესასწაული ოფიციალური უქმე დღე არ არის. კანონმდებლობით, უქმე დღეებია:

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომის დღე; აღდგომის მეორე დღე;
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო –მარიამობა;
  • 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

გარდა ამისა, პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს კანონპროექტი, რომელიც დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს უქმე დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. ამჟამად კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია.

არსებული უქმე დღეების გადახედვის და ახლის შემოღების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, გადაიხედება როგორც საერო, ისე რელიგიური უქმე დღეების ჩამონათვალი:

“ჩვენ გვაქვს საერო უქმე დღესასწაულები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. იგივე 3 მარტი და 8 მარტი, 9 აპრილი და 26 მაისი. ყველა ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად საჭიროა უქმე იყოს. ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტი მუსლიმია და მათი დღესასწაული გათვალისწინებული არ არის კანონით. “

ზოიძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფი დეპუტატებით, ისტორიკოსებით, რელიგიის საბჭოს წარმომადგენლებით და სხვა კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

“იმისთვის, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებმა თანასწორუფლებიან გარემოში იგრძნონ თავი, აუცილებელია, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეები უქმე იყოს. ამით მათ შესაძლებლობა მიეცემათ, სრულფასოვნად აღნიშნონ და იზეიმონ ეს დღესასწაული. რელიგიათა საბჭო დიდი ხანია ამ რეკომენდაციით გამოდის,” – აცხადებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

არის თუ არა შრომის კოდექსი დისკრიმინაციული?

სახალხო დამცველის განცხადებით, საპატიმრო დაწესებულებებში მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე იყო დაშვებული გამონაკლისი, რაც სხვადასხვა შეღავათით, მათ შორის ამანათების შეტანით გამოიხატებოდა. ომბუდსმენის ოფისმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა და ახლა სხვადასხვა კონფესიის აღმსარებელი პატიმრებისთვისაც დაიშვა გამონაკლისი მათთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებზე. რაც შეეხება შრომის კოდექსს, უჩა ნანუაშვილის თქმით, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ის დისკრიმინაციულია:

“ უქმეებზე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ დისკრიმინაციაა. კარგი იქნება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაანალიზება. “

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი დისკრიმინაციული არ არის. ამ აზრს ნაცვლიშვილი კანონში არსებულ იმ დათქმაზე დაყრდნობით ავითარებს, რომლის მიხედვით, დასაქმებული უფლებამოსილია, ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

“ეს ჩანაწერი მორგებულია, როგორც სხვადასხვა კონფესიის აღმსარებლებზე, ასევე ათეისტებზე, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებს არ აღნიშნვენ. ამ ჩანაწერის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვით, რომ დისკრიმინაციულია შრომის კოდექსი.”

თუმცა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შრომის ხელშეკრულების დადების დროს შესაძლოა დასაქმებული ინფორმირებული არ იყოს ამ ნორმის შესახებ. შესაბამისად, მას უკეთესად მიაჩნია, ეს იყოს არა დასაქმებულის უფლებამოსილება, არამედ დამსაქმებლის ვალდებულება. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს დაცვის უფრო მაღალი გარანტია იქნებოდა.

ამ ლოგიკას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამების დირექტორი ლინა ღვინიანიძეც იზიარებს. მისი თქმით, საკითხს სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური განზომილება აქვს:

“ზოგადად, ძალიან ბევრი უქმე დღე გვაქვს. მათი დიდი ნაწილი მართლმადიდებლური დღესასწაულებია და სხვა კონფესიების ასეთი დღეები, მიუხედავად მათი აღმსარებლების რაოდენობისა, უქმე არ არის. ეს შეიძლება დავინახოთ როგორც პრობლემა სხვადასხვა ჯგუფების პოლიტიკური აღიარების კუთხით,” – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

რელიგიური კონფესიების მოსაზრება 

რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, რომლებსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ფიქრობენ, რომ მათი მთავარი დღესასწაულების უქმედ გამოცხადება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული, ისე უფლებრივი თვალსაზრისით.

დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე, ადამ შანთიძე ამბობს, რომ უფრო სამართლიანი და კარგი იქნება, თუ მუსლიმების ბაირამი უქმე დღე იქნება:

“ჩვენ წელიწადში ორი დიდი ბაირამი გვაქვს. ეს არის ყურბან-ბაირამი და რამაზან-ბაირამი. კარგი იქნება, თუ ეს დღეები უქმე იქნება და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა მოვინახულოთ ოჯახის წევრები, მოვინახულოთ ახლობლების საფლავები ისევე, როგორც ქრისტიანები აკეთებენ აღდგომას. ეს უფრო სამართლიანიც იქნება და მისასალმებელიც. “

დასავლეთ საქართველოს ლათინური წესის კათოლიკეთა წინამძღვრის, პადრე გაბრიელ ბრაგანტინის თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ 25 დეკემბერი, ქრისტეშობის დღე უქმე იქნება:

“ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ეს სამართლიანიც იქნება და სახელმწიფოსგან ყურადღებასაც ვიგრძნობთ.. ყველა კონფესიისთვის მნიშვნელოვანია დღესასწაულის სრულფასოვნად აღნიშვნა, ოჯახის წევრებთან ერთად ამ დღის გატარება,” – ამბობს პადრე გაბრიელი.

სომხური-სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიხეილ ავაკიანი ამბობს, რომ აღდგომა შაბათ-კვირას არ ემთხვევა ხოლმე, რაც მათი ეკლესიის წევრებს პრობლემებს უქმნის:

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც სასურველია, უქმე იყოს, რათა მორწმუნეები უფრო თავისუფლად დაესწრონ რიტუალებს და იზეიმონ, იქნება ეს ქრისტესშობა, 6 იანვარი, თუ აღდგომა. “

უნდა იყოს თუ არა ამ რელიგიური კონფესიების დღესასწაუელბი უქმე? – ამ კითხით “ნეტგაზეთმა” რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თამვმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს მიმართა.

“მაგაზე ძალიან მოკლე პასუხი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის არავის მოუმართავს. შესაბამისად, ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ამ პასუხს ვერაფერს დავუმატებ, ვერც მოვაკლებ,” – ამბობს ვაშაყმაძე.

დეპუტატების შეფასება

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ძალიან ხშირად ვისვენებთ. დეპუტატების აზრით, კანონი გადასახედია.

“მე არ ვარ ზედმეტი უქმე დღეების არსებობის მომხრე, მაგრამ არსებული მდგომარეობა უსამართლოა. ჩვენ იქიდან უნდა ამოვიდეთ, ქვეყნისთვის რა არის მართლა დღესასწაული და არა იქიდან, ვინ არის დღეს ძლიერი. რამდენიმე უქმე დღის ამოღებაც შეიძლება და სხვა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინებაც,” – ამბობს ელენე ხოშტარია, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ძნელია. მისი თქმით, უქმე დღე ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას:

“ ჩვენ უნდა განვიხილოთ, რამდენად საფუძვლიანად არის გამოცხადებული არსებული უქმე დღეები და რამდენად საჭირო და მიზანშეწონილია ახალი დღეების დამატება. აქ საჭიროა ეკონომიკური გათვლები. ამის გამო ახალი დღეების დამატებისგან შესაძლოა თავი შევიკავოთ. “

პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის წევრი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ რამდენიმე უქმე დღეა გასაუქმებელი:

“სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის დღესასწაული უნდა აღინიშნოს და არ უნდა შეიზღუდონ, მაგრამ უქმე დღე ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელია. უქმე დღეები ცოტა ბევრი გვაქვს და ერთი-ორი საერო დღესასწაულის ამოღება შეიძლება. საეკლესიო დღეების ამოღება წმინდა სინოდის გადასაწყვეტია”.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რაც შეიძლება ცოტა უქმე დღე უნდა გვქონდეს. მისი აზრით, შესაძლოა, კონკრეტული დღე დღესასწაულად გამოცხადდეს, მაგრამ უქმე არ იყოს:

“დამოკიდებულება, რომ უქმეობა რომელიმე დღეს მნიშვნელობას უზრდის, საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილია. მე გავაუქმებდი 3 მარტს და 8 მარტს, 9 მაისს, თუმცა როგორც დღესასწაულს, დავტოვებდი. “

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივად დომინანტი კონფესია, რაც მისი თქმით, სხვა კონფესიებისთვის დისკრიმინაციული არ უნდა იყოს:

“ ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება ვართ. ეს მრავალფეროვნება, ყველა ჯგუფის ინტერესი კანონში პირდაპირი ფორმით რომ აისახოს, კანონმდებლობა ვაკხანალური იქნება. სხვადასხვა ადამიანებისთვის არსებობს კანონით განსაზღვრული წესი და შეუძლიათ უქმე დღეს იმუშაონ.
რაც შეეხება აღნიშვნას, თუ ადამიანს ხანუქის ზეიმის პრობლემა შეექმნება, ეს ადამიანის უფლებების მკვეთრი დარღვევაა და ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება არ შეიძლება. “

ევროპული პრაქტიკა 

ალბანეთში 18 უქმე დღეა, მათ შორისაა, ნოვრუზ ბაირამი და რამაზან ბაირამი, დედა ტერეზას დღე, კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომა, ასევე, კათოლიკური შობა.  ავსტრიაში 15 უქმე დღეა. მათ შორისაა, აღდგომა, ყველა წმინდანის დღე, ამაღლება.  საფრანგეთში 14 ოფიციალური უქმე დღეა. ამ დღეებს შორისაა, წითელი პარასკევი, აღდგომის მომდევნო დღე, ამაღლება. ნიდერლანდებში 11 უქმე დღეა, მათ შორისაა წითელი პარასკევი, აღდგომა, აღდგომის მომდევნო დღე, ამაღლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.