ახალი ამბებისამართალი

სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25 მაისი, 2017 •
სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დღეს, 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ბადრი ნათობაძეს ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ და განზრახ მკვლელობა. მასვე ბრალად ედებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

საქმე ეხება 2016 წლის 2 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, ბრალდების მიხედვით, ბადრი ნათობაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერ გაისროლა ავტომანქანის მიმართულებით. შედეგად, მარჯვენა სავარძელზე მჯდომი ზ. ჩ. დაიჭრა, ხოლო საჭესთან მჯდომი სოსო ხოჯაძე მრავლობითი, ცეცხლნასროლი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

ღია სასამართლო სხდომებზე, წარდგენილი ბრალი ბადრი ნათობაძემ ნაწილობრივ აღიარა და არ დაეთანხმა ზ. ჩ-ს გამზრახ მკვლელობის ბრალდებას.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია ბადრი ნათობაძის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტები. შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 19 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი