ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განმარტებით, საქართველო არის პატარა ქვეყანა, მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში.
“ეს არა მარტო ჩემი და პრემიერის პოზიციაა, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია. [მიწა არ შეიძლება გაყიდოს ქართველმა] გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა: მიწა შეიძლება გაიყიდოს დიდ საერთაშორისო კომპანიებზე. განსკუთრებული შემთხვევები იქნება”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, შეუშლის თუ არა ეს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, კალაძე პასუხობს:
“ნამდვილად არ შეუშლის ეს ხელს ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში. აქ საუბარია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ქვეყნის შიგნითაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა, რადგან თქვენ იცით, რომ არის უამრავი სახელმწიფო პროგრამა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას შეეწყოს ხელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ამას გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ადგილობრივი ბიზნესი დაასაქმებს ადამიანებს და არა უცხოური,” – ამბობს კალაძე.
ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ ადგილობრივ მოსახლეობას მისთვის ხელაყრელ ფასად შეუძლია და აქვს სურვილი უცხოელს მიყიდოს მიწა, აიღებს თუ არა სახელმწიფო ვალდებულებას, რომ უცხოელის მაგივრად მან შეიძინოს ის, კალაძე პასუხობს:
“მოდი, დეტალებს ახლა ვერ ჩავყვებით. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც სამუშაო იქნება. პარლამენტი ამ მიმართულებით იმუშავებს, მუშაობს და უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული.”
უცხოელებზე მიწების მოყიდვასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი და პრემიერის პოზიცია ერთიანია; მმართველი გუნდის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უცხოელებს არ უნდა მიჰყიდოს საქართველოს მოქალაქემ მიწა.