საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს, 25 მაისს, ჩავა ხანდოს ხეობაში, სადაც მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას აპროტესტებს.
“დიახ, ხანდოს ხეობაში ჩასვლაზე შევთანხმდით ადგილობრივებთან. ჩვენ ჩამოგვყავს გერმანული კოპანია, ვინც დააპროექტა კონკრეტული ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, ყველა კითხვაზე, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახეობას, ეს იყო გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, მისასვლელ გზებთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ხეობაში სამი წერტილია, რომელიც, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არის რთული წერტილები.
“შესაბამისად, იქ სამუშაოები შეჩერებული გვაქვს. დანარჩენ ადგილებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამუშაოები. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, საერთაშორისო – მსოფლიო სტანდარტებით ყველა ნორმა იქნება გათვალისწინებული”, – აცხადებს კალაძე.
ფასანაურის, ხანდოს და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა თვეზე მეტია ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. მათ აქციაც გამართეს. ხანდოს ხეობაში გამართულ საპროტესტო აქციაზე 10 მაისს პოლიციამ 6 ადგილობრივი დააკავა, ხოლო 11 მაისს ისინი 400–400-ლარიანი ჯარიმების სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ხანდოს ხეობის მოსახლეობა აცხადებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზისთვის საჭირო ბოძის დადგმას იმ ადგილას აპირებენ, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. მათივე თქმით, გამოსხივება საზიანო იქნება ადგილობრივების ჯანმრთელობისთვის, ასევე, მშენებლობის ადგილი არის მეწყერსაშიში და იქ ბოძის დადგმამ შეიძლება პროცესები გაააქტიუროს.