ახალი ამბები

ივანიშვილის დახმარება პედაგოგებს შეუწყდა

20 თებერვალი, 2013 • 1119
ივანიშვილის დახმარება პედაგოგებს შეუწყდა

ხელფასები, რომელსაც საჩხერის საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები წლების მანძილზე ამჟამინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ იღებდნენ, მიმდინარე თვის იანვრიდან შეჩერდა. ბოლო ერთწლიანი კონტრაქტის ვადა მასწავლებლებსა და ფონდს შორის დეკემბერში ამოიწურა. ახალი ხელშეკრულებები კი აღარ გაფორმდა.


იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებზე სრულყოფილი ინფორმაცია საჩხერის სკოლების დირექციასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს არ აქვს, ფონდიდან ხელფასების გაცემის შეჩერებას ისინი გაგებით შეხვდნენ.

 

„იანვრიდან არც ერთი პედაგოგი და სკოლის დირექტორი “ქართუდან” ხელფასს აღარ იღებს. ამდენი ხნის განმავლობაში ეს ადამიანი გვეხმარებოდა. როდესაც პედაგოგებს უჭირდა, გვერდში დაგვიდგა არა მხოლოდ ხელფასებით, სკოლების მატერიალური და ტექნიკური ბაზების განვითარების კუთხითაც,“ – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გივი გაგნიძე.  

 

ხელფასების შეჩერების მიზეზი არ აინტერესებს საჩხერის სოფელ ჯალაურთას საჯარო სკოლის დირექტორს იური ცარციძეს:

 

„კაცი 6-7 წელია ქველმოქმედებას ეწეოდა, მადლობის მეტი რა გვეთქმის?! ახლა შეწყდა, მაგრამ არ დავინტერესებულვარ მიზეზით, აბსურდია, მიზეზები არკვიო, როდესაც ქველმოქმედებას გიჩერებენ. მისი გადასაწყვეტი იყო: უნდა მოგვცემს, უნდა არ მოგვცემს,“- ამბობს სკოლის დირექტორი.

 

რამდენიმე წლის მანძილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ საჩხერის სკოლის საჯარო დირექტორებს ყოველთვიურად 500- ლარიანი სახელფასო დანამატი ერიცხებოდათ, პედაგოგებს კი, 100-300 ლარის ოდენობით.

 

ფონდიდან პედაგოგებისთვის ხელფასების შეჩერების მიზეზად საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი საქართველოში მასწავლებლების ხელფასების ზრდას ასახელებს.

 

„ფონდი „ქართუ“ თავის საქმიანობას შემდეგი პრინციპით ახორციელებდა: სადაც იყო ფონდის ჩარევის აუცილებლობა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი დაფისანსება იყო, კომპენსირების მოხდენის თვალსაზრისით ყოველთვის ვერთვებოდით. თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაშიც ვერ მოვიცავდით მთელ ქვეყანას. ვინაიდან განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ხელფასების გაზრდა დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, ეს პროგრამა დავხურეთ,“ – ამბობს ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე.

 

მიმდინარე წლიდან ყველა საჯარო სკოლის პედაგოგს ხელფასები საშუალოდ 70 ლარით გაეზარდა. 

 

ჩხეტიანის განმარტებით, მოსახლეობაში არ უნდა არსებობდეს იმის განცდა, რომ ფონდი „ქართუ“ სახელმწიფოს ჩაანაცვლებს. თუმცა ფონდი „ქართუ“ ამ ეტაპზე ისევ აგრძელებს სოციალურ პროგრამებს. ერთ-ერთი თეატრების მსახიობთა ყოველთვიური ფინანსური დახმარებაა, რომელიც 2013 წელსაც გრძელდება.

 

„როცა ეს პროგრამა დავიწყეთ, ძალიან მცირე და არაადეკვატური ხელფასები ჰქონდათ თეატრის მსახიობებს. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი თეატრი ფონდის გადარჩენილია. ახლა, როგორც ვიცი, ამ მხრივ, თეატრებში ვითარება გამოსწორდა და ხელფასები გაიზარდა. არაა გამორიცხული, შემდგომში ფონდმა ქველმოქმედების სფეროების პოლიტიკას გადახედოს,“ – ამბობს ჩხეტიანი.

 

თეატრების მსახიობთა დახმარების გარდა, ფონდი „ქართუ“ ამ ეტაპზე ისევ აგრძელებს საჩხერეში 46 ათასი ბენეფიციარის ჯანმრთელობის დაზღვევას, მრავალშვილიანი ოჯახების, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების და კახეთში სტიქიით დაზარალებულთა ფინანსურ დახმარებას.


იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს შეზღუდვას პრემიერ-მინისტრის კუთვნილი ქონებიდან ქველმოქმედების მიზნით პედაგოგებისთვის ან სხვა პროფესიის ადამიანებისთვის სახელფასო დანამატების გაცემის თაობაზე:

 

“თუმცა თუ პრემიერ-მინისტრმა, როგორც ქონების მესაკუთრემ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ამგვარი დანამატების გაცემა, ეს სავსებით სწორი და გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან ის უკვე არის სახელწმიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი და მან მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ უნდა განახორციელოს საკუთარი ქონებით. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ის ხელისუფლებაშია და მოქალაქეების სამსახურშია, ეს მას ზღუდავს, რომ საკუთარი ქონება გამოიყენოს სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესასრულებლად,” – აცხადებს თამარ კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი