ახალი ამბებისაზოგადოება

სააგენტო 13 000 ბავშვის მისაღებად ბაღებში რეგისტრაციას 7 ივლისიდან დაიწყებს

24 მაისი, 2017 •
სააგენტო 13 000 ბავშვის მისაღებად ბაღებში რეგისტრაციას 7 ივლისიდან დაიწყებს

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისათვის აღსაზრდელთა ონლან რეგისტრაციის პირველი ეტაპი 7 ივლისს, 13:00 საათზე გაიხსნება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან:

  • ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან;
  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
  • 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი იმ ბავშვებისათვის, რომლებიც არ არიან პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში, 14 ივლისს, 13:00 საათზე, გაიხსნება.

რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ბავშვები, რომლებიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბერს, და არა რეგისტრაციის მომენტში, 2 წლის იქნება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, 2016 წელს თბილისში აშენდა და გაიხსნა 7 საბავშვო ბაღი. ამჟამად მიმდინარეობს 10 ბაღის მშენებლობა, რომელთაგან ხუთი სექტემბერში გაიხსნება. ახალი ბაღები გაიხსნება ნაძალადევის რაიონში – ურეკის ქუჩის N4-ში, ჩუღურეთის რაიონში – ჩიტაიას ქუჩის N6-ში, საბურთალოს რაიონში – ვაშლიჯვრის დასახლებაში, სამგორის რაიონში – სოფელ წინუბანში და საბურთალოს რაიონში – გამსახურდიას გამზირზე, N23-ში. მისი ინფორმაციით, წელსვე დაიწყება 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

“იმისათვის, რომ სრულად მოხდეს დაკმაყოფილება იმ არსებული უკმარისობის, რაც ბაღებში ადგილების კუთხით გვაქვს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ბაღების მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს,” – ამბობს თორდინავა.

თორდინავას თქმით, 2017-2018 წლისთვის სააგენტო 13 000 აღსაზრდელის რეგისტრაციას შეძლებს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წინა წლებში თავისუფალი ადგილების უკმარისობის გამო ვერ ახერხებდნენ მშობლები ბავშვების დარეგისტრირებას. წელს ეს პრობლემა აღარ იქნება. მისი თქმით, სააგენტოს აქვს “უპრეცედენტო რაოდენობა თავისუფალი ადგილების”, ახალი ბაღებისა და დამატებითი ჯგუფების ხარჯზე. თორდინავა რეგისტრაციის პროცესში შესაძლო ტექნიკურ ხარვეზებსაც გამორიცხავს. ასევე, ვინც ივლისში ვერ შეძლებს დარეგისტრირებას, სექტემბერში მათთვის შესაძლებლობების ფარგლებში დამატებით გამოინახება ადგილები.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლისათვის ბაგა-ბაღებში კვებითი მომსახურებისა და სანიტარული ნორმების სტანდარტები გააუმჯობესეს. ასევე განაახლეს სამზარეულო ბლოკები და მოაწესრიგეს გარე და შიდა ინფრასტრუქტურა.

“ნარჩენი საკვების მხრივაც მოგვარებულია პრობლემები. ნარჩენების მართვის მიმართულებაც უდევს კომპანიას სატენდერო წინადადებაში. ყველაფერი დამოკიდებულია სწორად მიწოდებაზე. ამიტომ მენიუები ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე წინა წლებში,” – ამბობს თორდინავა.

ბაგა-ბაღების სააგენტომ საბავშვო ბაღებში შექმნა სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსიტუტი. თორდინავას თქმით, მათი გადამზადების პროგრამა ამჟამად მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ხოლო ბაღის აღმზრდელების გადამზადების პროგრამა 2018 წლიდან იგეგმება.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდია 24.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა 24.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი