ახალი ამბები

უმრავლესობა და უმცირესობა საკითხების ნაწილზე შეთანხმდა

20 თებერვალი, 2013 •
უმრავლესობა და უმცირესობა საკითხების ნაწილზე შეთანხმდა

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, რომელიც უმრავლესობის და უმცირესობის მოლაპარაკებების შედეგებს შეეხებოდა.

ბაქრაძის თქმით, უმცირესობა არ ითხოვს იმუნიტეტს ლიდერების  და სახელმწიფო  თანამდებობის პირების დონზე:

“თუ სადმე რაიმე პრობლემა, გადაცდენა ან რაიმე დანაშაული იყო, არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს თავისი თავისთვის. არავინ არ ითხოვს პატიებას თავისი თავისთვის. დამნაშავეა დავით ბაქრაძე, დამნაშავეა გიგი უგულავა, დამნაშავეა მერაბიშვილი, დამნაშავეა სააკაშვილი, კი ბატონო, არავინ არ ითხოვს იმუნიტეტს საკუთარი თავისთვის, მაგრამ თავი დაანებეთ ყველა იმ ადამიანს, ათასობით ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დადის დაკითხვაზე. ეს არის ჩვენი წინადადება. თავი დავანებოთ ყველა იმ ადამიანს.
6 ათასი ადამიანია დაკითხული თბილისის მერიაში ერთი ამოცანით, რომ რამენაირად რაიმე ბრალი დაუმტკიცდეს გიგი უგულავას. ამიტომ არის ჩვენი შეთავაზება- თავი დაანებეთ ამ ათასობით ადამიანს”.

მისი თქმით, უმცირესობისთვის პრინციპული საკითხია, რომ დაცული იყვნენ ადამიანები პოლიტიკური დევნისგან და ზეწოლისგან:

“მე არ ვსაუბრობ გახმაურებული და რეზონანსული საქმეების გამოძიებებზე, მკვლელობების გამოძიებებზე.  ეს არ უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებიც არიან ბრალდებულები ამა თუ იმ მკვლელობასა, წამებასა, გაუპატიურებაში, და სახელმმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. ჩვენ მას არ განვიხილათ პოლიტიკური დევნის ნაწილად. ამიტომ ასეთი ადამიანები არიან ცალკე და არანაირი ზეწოლის შეჩერების მოთხოვნა მათთან დაკავშირებით არ არის”.

ბაქრაძის თქმით, 15 ათასი ადამიანია დაკითხული მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცმოძრაობასთან არიან დაკავშირებული და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მიაჩნია ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

დავით უსუფაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ 16 თებერვალს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მათ შესთავაზა უპირობო და სრული ამნისტია ყველა საჯარო მოხელეზე – პრეზიდენტიდან დაწყებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლით დამთავრებული, ყველა დანაშაულზე, რომელიც მათ ჩაიდინეს 2012 წლის 1 ნოემბრამდე, გარდა ძალადობრივი დანაშაულებისა.

“ამაზე ჩვენი საპასუხო წინადადება 17 თებერვალს იყო შემდეგი – მზად ვიყავით საშუალო და ქვედა რგოლის ყველა საჯარო მოხელისთვის ამნისტია გამოგვეცხადებინა, ოღონდ 1 ოქტომბრადე ჩადენილი დანაშაულისთვის. ასევე, თანახმა ვიყავით ნაწილობრივ ამნისტიაზე  ყველა დანარჩენი მაღალი თანამდებობის პირებისათვის და ასეთი მაღალი რანგის 1500-მდე საჯარო მოხელეა: კერძოდ, თუკი ისინი იქნებოდნენ ბრალდებულები რაიმე დანაშაულში და აღიარებდნენ ამას, სისხლის სამართლის სასჯელისგან გათავისუფლდბოდნენ და საჯარო სამსახურში 5 წლის ვადით აეკრძალებოდათ საქმიანობა – ეს იყო ჩვენი წინადადება”, – აცხადებს უსუფაშვილი.

“ის რაზეც საუბრობდა, ბატონო დავითი[უსუფაშვილი], რომ განსხვავება არის, რა დონეზე უნდა მოხდეს დევნის შეწყვეტა, ესეც პრინციპული საკითხია იმიტომ, რომ იმ ვარიანტში, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, დევნის შეწყვეტა უნდა მოხდეს სამინისტროში სამმართველოს უფროსი მოადგილის ქვემოთ.  რომ წარმოიდგინოთ, არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმარველოს უფროსი მოადგილე, ამის ქვემოთ უნდა მოხდეს დევნის შეწყვეტა. ამის ქვემოთ არის ტექნიკური პერსონალი, რომლის მიმართ დევნა არარაციონალურია”- ამბობს დავით ბაქრაძე. 

ბაქრაძის ცნობით,  სრული შეთანხმება მიღწეულია კონსტიტუციაში ცვლილებების ვადაზე ადრე ამოქმედებასთან დაკავშირებით და კონსტიტუციაში ქვეყნის ევროპულ ორიენტაციასთან დაკავშირებით ჩანაწერზე.

მისი თქმით, უმრავლესობა სთავაზობდა კონსიტუციაში ცვლილების ერთი პუნქტის ამოქმედებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს  მთავრობის დათხოვნის უფლება აღარ ექნება, თუმცა ოპოზიცია არ დაეთანხმა მხოლოდ ამ ნაწილის ვადაზე ადრე ამოქმედების ინიციატივას. ბაქრაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა დაეთანხმა მათ ინიციატივას, რომ ახალი კონსტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს. ოპოზიციის ლიდერი აცხადებს, რომ ამ თემაზე შთანხმება სრულად მიღწეულია.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩანაწერს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ბაქრაძე ამბობს, რომ ჩანაწერის ფორმილირება იყო შეუთანხმებლობის საგანი.

“მე მოხარული ვარ, რომ დღეს საჯაროდ მოვისმინე, რომ პრემიერ -მინისტრი და უმრავლესობა ეთანხმება ჩვენს შეთავაზებულ ვარიანტს, ფორმილურებას და ამით მოიგებს არა “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა, არამედ ქვეყანა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი