ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჯარისთვის თავის არიდების შესახებ კანონპროექტი სათანადოდ დასაბუთებული არ არის

24 მაისი, 2017 • 2936
ომბუდსმენი: ჯარისთვის თავის არიდების შესახებ კანონპროექტი სათანადოდ დასაბუთებული არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორის მიერ ცვლილებების მიღების საფუძვლად შემოთავაზებული არგუმენტები არ არის სათანადოდ დასაბუთებული. შესაბამისად, ბუნდოვანია,  თუ რა იწვევს  ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას.

“კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს  სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების პრობლემის აღმოფხვრას. საქართველოს სახალხო დამცველს საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ გაუსვამს ხაზი იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც უკავშირდება სამხედრო სამსახურის გავლას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მიუღებელია პრობლემის მოგვარების მიზნით მსგავსი ფრაგმენტული და დაუსაბუთებელი ცვლილებების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მიდგომების ნაცვლად შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რომელიც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ  კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არის ზოგადი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ხარვეზები გამოვლინდა პრაქტიკაში, რამაც გამოიწვია წვევამდელთა გაწვევის შეფერხება.

“ასევე, უცნობია, კანონის მოქმედი რედაქცია ქმნიდა თუ არა პრობლემას პრაქტიკაში სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ფაქტებზე გამოძიების ან/და საქმის სასამართლოში განხილვის კუთხით. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმის მიზანი არ არის განჭვრეტადი.

აღსანიშნავია, რომ ნატოს წევრ უმეტეს სახელმწიფოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ან გაუქმებულია, ან  გაწვევა დაფუძნებულია მოხალისეობრივ საწყისებზე და, შესაბამისად, თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის არსებული მექანიზმის ძირეული რეფორმის მიმართულებით და მიუახლოვონ სისტემა ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს.”

23 მაისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევებს აკონკრეტებს და პასუხისმგელობას განსაზღვრავს.

“სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე-  ოპოზიციამ.

ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებული პროექტით, “წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ან სხვაგვარად მოტყუებით. განმარტებითი ბარათის თანახმად, სწორედ ამ შემთხვევების დაზუსტებაა კანონის მიღების მიზანი.

განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი “გირჩის” მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე “ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. თუმცა ცვლილებების მიზეზი სწორედ ეს კონფესიაა, რადგან,  როგორც ირაკლი სესიაშვილმა 11 მაისს გამართულ სხდომაზე განაცხადა, ეს ხელოვნური მექანიზმია:

“ეს არის ხელოვნურად შექმნილი. ფაქტობრივად, მცდელობა არის, კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი, შეხვედრა შედგა. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში გაკეთდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე,” – განაცხადა სესიაშვილმა 11 მაისს.

ამავე თემაზე – მღვდელმსახურები ჯარში – რას შეცვლის “ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი