ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი ელჩი დანიშნა

24 მაისი, 2017 •
პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ახალი ელჩი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მარატ კულახმეტოვი დაინიშნა.

კულახმეტოვმა აღნიშნულ პოსტზე ელბრუს კარგიევი შეცვალა.

მარატ კულახმეტოვი 2004-2008 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალოვან შენაერთს ხელმძღვანელობდა. 2008 წლის 3 ოქტომბერს კი, რუსული მედიის ცნობით, კულახმეტოვი ცხინვალში რუსი სამშვიდობოების შტაბის შენობასთან ტერაქტის დროს დაიჭრა. 2011 წლიდან კულახმეტოვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის პოსტი ეკავა.

სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

“მე მახსოვს კულახმეტოვი, არაერთხელ შევხვედრივარ ვენაში ელჩობის პერიოდში, იგი იყო ცხინვალის რეგოინში “მშვიდობისმყოფელი”. ვიტყოდი, ეს ნაბიჯიც არის მორიგი პროვოკაცია. კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, როგორც სხვა დანარჩენი რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეიძლება აღვიქვათ”, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე ქართულ მედიასთან საუბარში.

“ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილიკიდევ ერთი მათი წარმომადგენელი, ამიტომ რაიმე კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ოკუპაცია დასრულდეს, ოკაპანტების წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდეს”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი