ახალი ამბებისაზოგადოება

უხერხული გაკვეთილი

24 მაისი, 2017 • 11107
უხერხული გაკვეთილი

აპრილის ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ყველაზე უხერხული გაკვეთილის დრო დგება. ბიოლოგიის მასწავლებელმა მერვეკლასელებს სქესობრივი აღზრდის რამდენიმე საკითხი უნდა აუხსნას. ამ დროს მოზარდები ცნობისმოყვარე მზერის სადღაც დამალვას ცდილობენ, დაძაბულად იცინიან, ბრაზდებიან ან სახელმძღვანელოს რომელიღაც ფურცელს აშტერდებიან.

მასწავლებელმაც იცის, რომ კითხვები ბევრია, მაგრამ მოსწავლეები მას დღეს შეკითხვებს არ დაუსვამენ. ეს გაკვეთილიც იმას ჰგავს, მასწავლებლის ბავშვობაში რომ იყო, როცა აპრილამდე ყველა ერთად შლიდა სექტემბერში დარიგებულ ბიოლოგიის წიგნს და სასქესო ორგანოების შესახებ გაკვეთილის ჩატარებამდე იგებდა ამბავს. მერე კი, ბიჭებსა და გოგონებს ცალ-ცალკე, ზედაპირულად, მაგრამ მაინც უხსნიდა მასწავლებელი, რაშიც იყო თურმე საქმე, ან კიდევ: შესაძლოა, მასწავლებელს საერთოდ არაფერი ეთქვა ყველაზე საინტერესო თემის შესახებ და ზედმეტი მღელვარების გარეშე შემდეგზე გადასულიყო. საქართველოს ზოგიერთ სკოლაში ახლაც ასე ხდება.

„მინდოდა, დამესვა კითხვები, მაგრამ შემრცხვა“

ბათუმის #22 სკოლის XI კლასში როცა შევედი, რამდენიმე მხრიდან მომესმა: „მე მინდა საუბარი, მეც მინდა, მეც…“ იმის გასაგებად, თუ როგორ ჩატარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაკვეთილი, „ბათუმელები“ ბათუმსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სკოლაში მივიდა.

„ყველა დეტალი მახსოვს, მერვეში იყო ეს გაკვეთილი“, –  გვითხრა მარიმ, რომელსაც დიდხანს ჰქონდა ხელი აწეული, მისთვის რომ მომესმინა და თან სიწითლის დამალვას ცდილობდა: „ძალიან დაკომპლექსებული ვიყავი, ყველა ასე იყო. ვიდრე გაკვეთილის დრო მოვიდოდა, ყველას წაკითხული გვქონდა სახელმძღვანელოში რაც ეწერა, მაგრამ მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავით… მერე გვითხრეს, ამ თემას აღარ შევეხებით, დანარჩენი ინტერნეტში ნახეთო. მაშინ, მერვე კლასში, მინდოდა, დამესვა კითხვები, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბრის შემრცხვა. კითხვა რომ დამესვა, ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდათ კლასელებს.“

დათო: „მანამდეც მქონდა ინფორმაცია. ყველაფერი ვიცოდი, ძირითადად, ინტერნეტიდან და მეგობრებისგან. ყველაფერი ვიცოდი თითქოს, მაგრამ მაინც მაინტერესებდა…“

თეონა: „ნაადრევ ქორწინებაზე ვისაუბრეთ, ძირითადად, მაგ გაკვეთილზე. ძალიან ცუდია, როცა ნაადრევ ასაკში ოჯახდებიან ადამიანები. ფიქრობენ, რომ უკვე მზად არიან ამისთვის. რა უნდა იყოს ამის ალტერნატივა? – თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ბიჭებისთვის, გოგოებისთვის – არა. რა ვიცი, ასეა.“

ელზა: „თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები ორივესთვის მიუღებელი უნდა იყოს ოჯახის შექმნამდე. ასე იყო თავიდანვე ჩანერგილი ქართველებში. მიუღებელია ეს ქართული მენტალიტეტის გამო…“
ჟუჟუნა შარაბიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი: „არასდროს გამომიტოვებია ეს თემა. თანამედროვე ცხოვრებაში მაგის გამოტოვებას აზრი აღარ აქვს… ვფიქრობ, საკმარისია ის ინფორმაცია, რაც სახელმძღვანელოშია. დანარჩენი მასწავლებელზეა დამოკიდებული. ინტერნეტში და ტელევიზიებიდან იმდენ რამეს იგებენ, ბევრის დამატება აღარცაა საჭირო“.

კლასში ბიოლოგიის მეორე მასწავლებელი შემოდის –  ლამზირა დუმბაძე. მეცხრეკლასელებს უნდათ დისკუსია ამ თემაზე და იქნებ ჩვენთან შემოხვიდეთო. ლამზირა კორიდორში მიყვება, რომ დაახლოებით ბოლო ოთხი წელია ატარებს გაკვეთილს სქესობრივი აღზრდის საკითხზე. მანამდე – „კლასს გააჩნდაო“, ამბობს, „სავალდებულო არ იყო და წასაკითხად ვაძლევდი ძირითადადო“.

კლასში შევდივართ. დისკუსია უკვე დაწყებულა.

„გოგოს სხვა თავშეკავებულობა მართებს, პატიოსანი უნდა იყო,“ – ამბობს ერთი გოგონა.

„რას ნიშნავს პატიოსნება?“ – კითხულობს მეორე.

„იმას, რომ ამ დროს მაგისთვის არ უნდა გეცალოს, სწავლაზე უნდა ფიქრობდე“, – პასუხობს მესამე.

„რა ასაკიდან არის მისაღები თავისუფალი სექსუალური ცხოვრება?“ – ვეკითხები მოსწავლეებს. 18 წლიდანო, მპასუხობენ ისინი, თუმცა მალე ისევ უთანხმოებას იწვევს საკითხი, ვის აქვს თავისუფალი სექსუალური ცხოვრების უფლება.

მასწავლებელი: „მე, როგორც პედაგოგი, ვიტყვი, რომ ეს მისაღები არ არის. მომწონს, მინდა, მერე უკვე აღარ მინდა… სხვა რამეში გადადის მერე. რადგან ოჯახი უნდა შექმნა, ეს გოგო იმასთან იყო, ამასთან იყო… რაღაცას ანგარიში უნდა გაუწიოს. არა მგონია, ამის გამო ვინმე იჩაგრებოდეს. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს“.

მასწავლებელს ვეკითხები, რატომ არ აქვთ დისკუსია ამ თემებზე, როცა მოსწავლეებს ასე სურთ საუბარი. მპასუხობს: „ბავშვებს კი უნდათ, მაგრამ თუკი დისკუსია ბევრჯერ გაიმართება, მშობლები გაგვინაწყენდებიან“.

რამდენიმე დღის წინ გაუვლიათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები VIII-კლასელებს. აქ გვითხრეს, რომ მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ იყო და მშობლებს ესაუბრნენ გაკვეთილის შემდეგ. ახსოვთ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული დისკუსიის თემაც – ნაადრევი ქორწინება.

ნინო: „თავისუფალი სექსუალური ცხოვრების შესახებ არ გვიმსჯელია. ეს სირცხვილია…“

თამუნა: „ეს არის კავშირში ნაადრევ ქორწინებასთან, კი. თუკი თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ექნებათ ახალგაზრდებს რაღაც ასაკიდან, ოჯახებს აღარ შექმნიან ბავშვები. ეს ტრაგედიაა, დღეს იმიტომ ქმნიან ოჯახებს, რომ სახელი არ გაუტყდეთ. ეს არის დიდი კრიზისი, ჩემი აზრით“.

ბიოლოგიის გაკვეთილი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

„რა შუაშია, მასწ!“

ხელვაჩაურში, ზანაქიძეების სკოლის XI კლასში სკოლის დირექტორს შევყავართ, ბიოლოგიის მასწავლებელი მალე მოვაო, მეუბნება და ბავშვებთან მარტო გვტოვებს.
„ვერ აღვიქვამდით მაშინ ვერაფერს, როცა მერვეში ვიყავით. სერიოზულად არ ვუყურებდით ამ საკითხს. გვრცხვენოდა საუბრის, მასწავლებელიც ძალიან მორიდებულად გვიყვებოდა…“ – ამბობს წინა მერხთან მჯდომი გოგო.

„მე საერთოდ არ ჩამტარებია ეს გაკვეთილი, სხვა სკოლაში ვსწავლობდი მაშინ. მერე ინტერნეტში ვნახე ყველაფერი,“ – წამოიძახა ოთახის ბოლოდან, ფანჯარასთან მყოფმა ბიჭმა.

„მე მინდა რაღაც ვთქვა,“ – ამბობს კიდევ ერთი ბიჭი და მთხოვს, დიქტოფონით ახლოს მივიდე მასთან: „ასე მგონია, მხოლოდ საქართველოშია პრობლემა ეს თემა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ და თავისუფალი ურთიერთობებიც უნდა არსებობდეს დაახლოებით 16 წლიდან… არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო უნდა ისჯებოდეს ვინმე“.

თეონა: „ყველა მამაკაცი ასე არ უყურებს. გოგონა, რომელიც ქორწინებამდე ყველაფრის უფლებას მოგცემს, მერე მასთან სერიოზული ურთიერთობა აღარ გიჩნდება.“

კლასში ბიოლოგიის მასწავლებელი შემოდის – მზია დუმბაძე. ის მიყვება, რომ დოგმებში არ აქცევს ამ თემას და ჩვეულებრივად ატარებს გაკვეთილს. ესაუბრება რეპროდუქციულ ორგანოებზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და ნაადრევ ქორწინებაზეც. მერე მზია ინტერესდება, რა თქვეს მოსწავლეებმა და თავისუფალი სექსუალური ურთიერთობების შესახებ თვითონაც გამოთქვამს მოსაზრებას:

„მენტალიტეტის ამბავია. რამეს ვერ იტყვი ახლა, ისეთი დროა, მაგრამ გოგონებს ნამდვილად ვურჩევ, რომ ოჯახის შექმნის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები“.
„მასწ, ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს იმის გამო, რომ თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა“, – ჩაილაპარაკა გიორგიმ.

„რატომ ფიქრობ, გიორგი მასე, გამოცდილი იქნება?“ – ირონიით პასუხობს მოსწავლის რეპლიკას ბიოლოგიის მასწავლებელი.

„რა შუაშია, მასწ… უბრალოდ, თუკი ადამიანი გიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, მას სექსი ჰქონდა თუ არა. მთავარია, ბედნიერი იყოს ადამიანი“, – ფეხზე დგება გიორგი და ისე პასუხობს მასწავლებელს. არც მზერას აცილებს.

„მეც მასე ვფიქრობ, მასწ.“, – ისმის უკანა მერხიდან.

„იცით, ჩვენი თანაკლასელი დაოჯახდა გასულ წელს… მერე ქმარმა უღალატა… დაიღუპა ის გოგო, ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი. ხომ შეიძლებოდა ოჯახი არ შეექმნა და ისე ყვარებოდა?“ – მიყვება ერთი გოგო და პასუხს აღარ ელოდება, ისიც კლასიდან გადის, ზარი დარეკილა უკვე.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

სქესობრივი აღზრდის პოლიტიკა და ნაადრევი ქორწინება სექსის არქონის გამო

სქესობრივ აღზრდას მხოლოდ მერვე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო ეხება. მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოებზე, განაყოფიერებაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და ნაადრევ ქორწინებაზე ინფორმაცია 12 გვერდს იკავებს სახელმძღვანელოში.

„რა არის სქესობრივი აღზრდა, ეს არის გაცნობიერებული საზოგადოების და ხშირ შემთხვევაში, პედაგოგების მიერ?“ – ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სკოლის სახელმძღვანელოში, ძირითადად, ფიზიოლოგიური საკითხებია განხილული და არა ამ თემის სოციალური და ფსიქოლოგიური ასპექტები: „უნდა გააცნობიეროს ყველამ, რომ სქესობრივი აღზრდა არ არის სექსუალური აქტის სწავლება. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ არის მკაფიოდ ახსნილი და ამიტომაც ვხვდებით ამდენ აგრესიას. სქესობრივი აღზრდა უნდა მოიცავდეს სექსუალობის ნაწილს, გენდერულ იდენტობას, ოჯახის დაგეგმარებას, თავშეკავებას და ასე შემდეგ. სახელმძღვანელოში რაც არის ახლა, შესაძლოა, ესეც ინფორმაციულად დატვირთული გახადოს მასწავლებელმა, მაგრამ რამდენადაც მოზარდებთან მაქვს შეხება, ამ გაკვეთილს ბევრი მასწავლებელი საერთოდ არიდებს თავს, ან ფორმალურად გადის“.

სქესობრივი აღზრდის სწავლება არაერთხელ გამხდარა ქვეყანაში საჯარო დისკუსიის საგანი. კრიტიკის ობიექტად, მათ შორის სასულიერო პირების მხრიდან, იქცა ახალი საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც ასევე შეეხებოდა სქესობრივ აღზრდას. საგნის შეტანა სკოლებში სხვადასხვა მიზეზით რადენჯერმე გადადო განათლების სამინისტრომ. ბოლოს, 2017 წლის თებერვალში, მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ თქვა, რომ სახელმძღვანელო სექტემბერში იქნება მზად.

რას სთავაზობს საქართველოს განათლების სამინისტრო მოსწავლეებს სექსუალური აღზრდის მიმართულებით? – კითხვაზე პასუხი წერილობით მივიღეთ, სადაც აღწერილი იყო, რა წერია მერვე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში.

მიიჩნევს თუ არა სამინისტრო ამ ინფორმაციას საკმარისად, ტარდება თუ არა კვლევები ამ მიმართულებით, ან მონიტორინგი, რა ცვლილებები იგეგმება? – განათლების სამინისტრომ ამ თემაზე მზია ვარაზიშვილთან გვირჩია გასაუბრება. ის ეროვნული სასწავლო გეგმის ბიოლოგიის ექსპერტია.

მზია ვარაზიშვილმა თავად გვითხრა, რომ ბიოლოგიის ზოგიერთი მასწავლებელი სქესობრივი აღზრდის შესახებ გაკვეთილს თავს არიდებს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი სამინისტროს არ აწუხებს:
„არანაირი მონიტორინგი ამ კუთხით ჩვენ არ ჩაგვიტარებია. არც ცალკე ტრენინგი ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის კონკრეტულად სქესობრივი აღზრდის საკითხებზე არ ყოფილა… მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი, ზოგადად, რეპროდუქციულ სისტემას არიდებს თავს და არ ასწავლის მოსწავლეს ამ თემას. ჩვენი რეაგირება გამოიხატება იმაში, რომ ყველა შეხვედრაზე ვუხსნით მასწავლებლებს ამ საკითხის მნიშვნელობას, რომ გამრავლების სისტემაზე საუბარი საჭიროა“, – გვითხრა მან.

საქართველოში ამ დრომდე არ ჩატარებულა კვლევა სქესობრივი აღზრდის თემაზე. შესაბამისად, უცნობია, რა წილი აქვს ფორმალურ განათლებას, სააღმზრდელო დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას, მოზარდების სქესობრივ განათლებაში. ევროპის ქვეყნებში მთავარი აქცენტი სწორედ ფორმალურ განათლებაზეა გადატანილი, რადგან მიიჩნევა, რომ ინტერნეტი და სხვა არაფორმალური წყაროები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავენ. მაგალითად, მომავალი სასწავლო წლიდან, ბრიტანეთის სკოლებში მეოთხე კლასიდან მიაწვდიან ბავშვებს სქესობრივი აღზრდის საკითხებს.

„მომხრე ვარ, არათუ მეოთხე კლასიდან, არამედ სკოლამდელ პერიოდშიც მივაწოდოთ ბავშვს სქესობრივი აღზრდის საკითხები, ოღონდ ინფორმაცია უნდა იყოს კარგად დამუშავებული და ზუსტად მიწოდებული. დაუმუშავებელი ინფორმაციის მიწოდებას, საერთოდ ჯობია, არ მივაწოდოთ,“ –  მიიჩნევს ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი.

ფსიქოლოგის დაკვირვებით, მოზარდებისთვის სექსუალური განათლების მთავარი წყარო ინტერნეტია, სადაც ინფორმაცია დახარისხებული არ არის. „და კიდევ უფრო მთავარი“, – დასძენს ირმა ფეიქრიშვილი, – „ამ ასაკში მოზარდი ინტერნეტში ეძებს იმ ინფორმაციას, რაც მას აინტერესებს, რაც მომხიბვლელია მისთვის. თინეიჯერულ ასაკში მოზარდი არ ინტერესდება საფრთხეებითა და რისკებით.“

საფრთხეებსა და რისკებს აცნობიერებენ განათლების სამინისტროში, თუმცა მიიჩნევენ, რომ ბავშვებს სხვა უამრავი საკითხი აქვთ სასწავლი. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ საუბრისას სამინისტროს ვალდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ გადაამისამართა.

„ამაზე მეტს ჩვენს სახელმძღვანელოში ვერ ჩავდებთ, რადგან საათების რაოდენობა შეზღუდულია და უამრავი სხვა საკითხი აქვს სასწავლი მოსწავლეს… შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითხოვონ სკოლებში შესვლის უფლება და ამ მიმართულებით დამატებით საათები მოითხოვონ, ესაუბრონ მოსწავლეებს და განათლება შეიტანონ“, – ამბობს მზია ვარაზიშვილი.

„სექსუალური აღზრდის სხვადასხვა მოდელი არსებობს და ახალი ამერიკა აღმოსაჩენი არ არის, თუკი ხელისუფლებას ექნება ამის ნება,“ – ამბობს ზურაბ მარშანია, ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ სქესობრივი აღზრდის სწავლება მაღალი კლასებიდან უნდა დაიწყოს და ეს სექსოლოგმა კონსულტანტებმა უნდა ასწავლონ:

„ასეა ბრიტანეთსა და სკანდინავიის ქვეყნებში. სექსოლოგი კონსულტანტი დიპლომირებული სპეციალობაა. ის არ არის არც ფსიქოლოგი და არც – ექიმი. მას აქვს სპეციალური ცოდნა. ადრეულ ასაკში კი ბავშვებს მშობლებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, მშობლები სპეციალურად უნდა გადამზადდნენ ამისთვის. ეს საკითხი ყველა ქვეყანაში კულტურაზეა მიჯაჭვული. შესაბამისად, ამის გათვალისწინება აუცილებლად უნდა მოხდეს. გასაგებია, რომ დღეს ნაადრევი ქორწინებები, ძირითადად, სექსის არქონის გამო ხდება, ცნობისმოყვარეობის გამო აკეთებს ამას მოზარდი და ოჯახის შექმნით ინსტიტუციონალიზაციას ახდენს. ნაადრევი ქორწინება, როგორც ტრაგედია, სწორედ ამ ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. კიდევ მრავალ პრობლემას ვხვდებით, როცა მოზარდი დროულად ვერ იღებს შესაბამის ინფორმაციას სექსუალური ცხოვრების შესახებ. ხშირად კი, სქესობრივი განათლების დეფიციტი სექსუალური დისფუნქციის ან ფსიქიკური აშლილობის მაპროვოცირებელ ფაქტორადაც გვევლინება.“

ბიოლოგიის გაკვეთილი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

აპირებს თუ არა განათლების სამინისტრო სქესობრივი განათლების კუთხით ცალკე სტანდარტის დანერგვას? „არა, ამაზე საუბარი არ არის და ცალკე სტანდარტი სქესობრივი აღზრდის კუთხით არ არსებობს“, – გვეუბნება მზია ვარაზიშვილი, საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის ბიოლოგიის ექსპერტი. – „მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ, ვიდრე ახალი სახელმძღვანელო შემუშავდებოდა, 2011 წელს ბიოლოგიის სახელმძღვანელოების პოტენციური ავტორები შევახვედრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ გადასცეს ბევრი მასალა ავტორებს და, შესაბამისად, პირველად აისახა ეს საკითხები ბიოლოგიის სახელმძღვანელოში. მომდევნო სასწავლო გეგმა როცა შემუშავდება, იმედი მაქვს, ცოტა უფრო ვრცლად იქნება განხილული ეს საკითხი… ჩვენ, ეტაპობრივად, მივდივართ წინ. უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თბილისზე. საუბარია მარნეულზე, ან ხულოს რომელიღაც სოფელზე“.

რა იქნება შემდეგი ეტაპი და რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ სქესობრივი აღზრდა განათლების სისტემაში მნიშვნელოვანია? – მზია ვარაზიშვილმა ამ კითხვებზე გვიპასუხა, რომ ის მინისტრი, ან მისი მოადგილე არ არის და პოლიტიკას არ განსაზღვრავს. სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სქესობრივი აღზრდის სწავლების პოლიტიკაზე და მისით გამოწვეულ პრობლემებზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვეს.

არის თუ არა მზად, მოზარდებს ესაუბროს, მაგალითად, სექსუალობაზე, ან თავისუფალ სექსუალურ ურთიერთობებზე? – ვეკითხები ბათუმის #4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს, ლილი ხუხუნაიშვილს. მას სკოლის ბიბლიოთეკაში შევხვდი. „ჯერ ჩემთვის ასეთი შეკითხვა არ დაუსვამთ,“ – სკამზე უფრო კარგად მოკალათებას ცდილობს და თვალს ბიბლიოთეკარისკენ აპარებს: „ალბათ, ვეტყვი, რომ საქართველო ტრადიციული ქვეყანაა და ტრადიციები უნდა დავიცვათ. ჩვენ ევროპას მარტო სახელმძღვანელოს გამოცვლით ვერ გავუთანაბრდებით. მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროება არსებობს. იქ, ევროპაში ალბათ 14 წლის ბავშვს უკვე აქვს თავისუფალი სექსუალური ურთიერთობები. ჩვენთან ეს დოგმებშია ჩამჯდარი. ეს იმდენად ბუნებრივად მოდიოდა ჩემ და ჩემ შემდეგ თაობაშიც.“

„როცა კულტურა იცვლება და თავისუფალი ხდება ურთიერთობები, რაღაც უნდა შეაგებოს ამას განათლების სისტემამ,“ – მიიჩნევს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. მისი აზრით, რეალობას აცდენილია შეფასება, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში სექსუალურ ცხოვრებას არ იწყებენ:

„ბიჭების საკმაოდ დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში იწყებს სქესობრივ ცხოვრებას და, ძირითადად, მიმართავენ სექსმუშაკებს. შემდეგ პრობლემები ჩნდება სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით. ნაადრევად შექმნილი ოჯახები დგებიან ფსიქოლოგიური დილემის წინაშეც, როცა მათ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ რეალურად სექსუალურ ურთიერთობებზე.

რაც მთავარია, სკოლებში დღეს არ ისწავლება სქესობრივი ცხოვრების სოციალური მხარე და ინფორმაცია მინიმალურია, თუმცა მხოლოდ კარგი სახელმძღვანელოც ვერაფერს შეცვლის, თუკი მასწავლებლები არ იქნებიან ამ თემის სწავლებისთვის მზად. იმდენად ტაბუდადებულია ეს თემა, რომ, მაგალითად, ქალ მასწავლებელს ეუხერხულება ამ თემაზე ბიჭ მოსწავლეებთან საუბარი. საზოგადოებას დღემდე მიაჩნია, რომ სქესობრივი აღზრდა ადრეულ ასაკში სექსუალური აქტისკენ მოწოდებაა.“

როგორ დაინახეს დასავლეთის ქვეყნებში სქესობრივი აღზრდის საჭიროება? – სიმონ ჯანაშია გვიყვება, რომ პროცესი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო: „თავდაპირველად ამერიკაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სკოლამ, გარკვეული უნარების გამომუშავების გარდა, უნდა ასწავლოს ახალგაზრდას, როგორ დაგეგმოს საკუთარი სექსუალური ცხოვრება, ოჯახის შექმნა, დაიცვას რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ან როგორ შეიკავოს თავი სექსუალური ურთიერთობისგან. პრობლემა მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ნაადრევი ორსულობის რაოდენობამ იმატა.

კულტურა კარნახობდა მოზარდებს, რომ ადრეულ ასაკში სექსი კარგი რამეა, მაგრამ ამისგან თავშეკავება, ან ურთიერთობების შესაბამისად დაგეგმვა არ ისწავლებოდა. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის გავლენა არ იყო დიდი, სქესობრივი აღზრდის საკითხები სკოლის სახელმძღვანელოების ნაწილი გახდა, თუმცა იქაც ამას მოჰყვა მწვავე რეაქციები…

დღეს სქესობრივი განათლება დასავლეთის ქვეყნებში არაა მხოლოდ სკოლის საქმე. ნიუ-იორკის მეტროში შეგვხდებათ ბილბორდი, მაგალითად, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგე, თუ ნაადრევ ასაკში გააჩენ ბავშვს, რომ შესაძლოა დარჩე განათლების გარეშე, მარტოხელა და ასე შემდეგ. ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული მედიაც, რადგან იოლია შექმნა იგივე კარგი ინტერნეტგვერდი, სადაც დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებ და მოზარდს შეეძლება კითხვის დასმაც. ესეც არ არის საქართველოში.

ჩვენთან პრობლემის იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა ჯერ, არც მედია უყურებს ამ საკითხს სერიოზულად. შესაბამისად, არ არსებობს დაკვეთა საზოგადოებისგან და განათლების სამინისტროც მხოლოდ პოპულიზმითაა დაკავებული. ეს უწყება არჩევნებისთვის უფრო ზრუნავს, ვიდრე ცვლილებებზე“.

თაობებში გაჩერებული თემა

„იქნებოდა სადღაც 84 წელი. მაშინ სკოლაში შემოვიდა „საოჯახო ეთიკა და ფსიქოლოგია“. ეს საგანი ითვალისწინებდა გარკვეულ საკითხებს სექსუალურ აღზრდაზე. ბავშვებისთვის მოვიდა სპეციალური ბროშურები, მაგრამ არ დაგვირიგეს. მახსოვს, მასწავლებელმა შემოიტანა ყველა ბროშურა და თავის სამუშაო მაგიდის უჯრაში ჩაკეტა. სიტყვა არ დაუძრავს მასწავლებელს. ჩვენც რას გავბედავდით. ზოგადად, ყველას გვეზარებოდა საკლასო ოთახის დალაგება, მაგრამ იმ პერიოდში ყველა ვრჩებოდით. მასწავლებლის მაგიდის უჯრას ვხსნიდით და მთელი მოწიწებით ვკითხულობდით ბროშურებს… ვიდრე ბროშურები არ ავითვისეთ, კლასი სულ დაწკრიალებული იყო“, – ეს ამბავი ფსიქოლოგმა ირმა ფეიქრიშვილმა გაიხსენა ინტერვიუს ჩაწერის დროს.

„2007 წელს დაახლოებით 800 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გავუგზავნეთ 111 ერთეული დამატებითი ლიტერატურა, მათ შორის იყო ნათარგმნი წიგნი სქესობრივ აღზრდაზე. მხოლოდ ამ ერთი წიგნის გამო ატყდა ერთი ამბავი, რომ თურმე გვსურდა ბავშვების გარყვნა, ვუბიძგებდით ბავშვებს სექსისკენ… ერთ-ერთი მშობელი ფეისბუქში დამემუქრა კიდეც, ამის სკოლისთვის გაგზავნა როგორ გაბედეო. ჩვენი სურვილი მხოლოდ ის იყო, ახალი ლიტერატურით გაგვემდიდრებინა სკოლის ბიბლიოთეკა. საბოლოოდ, ეს წიგნი ბიბლიოთეკარებმა გადამალეს, ან სკოლის დირექტორებმა ჩაკეტეს მაგიდის უჯრებში…“, – გვიყვება სიმონ ჯანაშია, რომელიც ამ პერიოდში განათლების სამინისტროს სასწავლოს გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ის იხსენებს იმასაც, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სკოლებმა სრულიად უხმაუროდ მიიღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ტრენინგების ჩატარება მოსწავლეებთან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში პროექტში საპატრიარქო იყო ჩართული.

სტატიის მომზადებისას ქობულეთის იმ სოფლის სკოლაში დავრეკე, რომელიც მე დავამთავრე. ერთ-ერთ მოსწავლეს ვკითხე, გაიარეს თუ არა გაკვეთილი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე: „კი, გავიარეთ,“ – მიპასუხა, – „მოკლე გაკვეთილი იყო. მასწავლებელი ბიჭებს და გოგონებს ცალ-ცალკე გველაპარაკა. არა, შეკითხვები არ გვქონია“.

ასე იყო 18 წლის წინათაც, მაშინ, როცა მოსწავლე ვიყავი და ბიოლოგიაში უხერხული გაკვეთილი გვქონდა.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი