ახალი ამბებისამართალი

მამა გიორგის ყველა ქმედება პატრიარქთან იყო შეთანხმებული – მიხეილ რამიშვილი

23 მაისი, 2017 •
მამა გიორგის ყველა ქმედება პატრიარქთან იყო შეთანხმებული – მიხეილ რამიშვილი

პატრიარქის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს იურისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ესპანეთში ფულის გათეთრებას ცდილობდა, მტკნარი სიცრუეა. რამიშვილის თქმით, დეკანოზის ყველა ქმედება პატრიარქთან იყო შეთანხმებული, ხოლო თუ გიორგი მამალაძეს 50 მილიონის გათეთრება სურდა, საერთოდ აღარ დაიწყებდა საპატრიარქოში არსებული ფინანსური და ქონებრივი დარღვევების გამოკვლევას და იცხოვრებდა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილად.

გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია, სადაც დეკანოზი მსახურობდა. მათი განცხადებით, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ადვილად შესამჩნევია ერთი გარემოება:

“ჟურნალისტების, სტუმრებისა და ადვოკატების მხრიდან ხშირად გარკვეული მინიშნებები კეთდება დეკანოზ გიორგი მამალაძის სადავო ქმედებებთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე, რაც გარკვეულ ეჭვებს აჩენს, თითქოს ამით ვიღაც არის დაინტერესებული. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 22 მაისს, 20 საათზე, ტვ პირველის ეთერში გასული გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”, სადაც დეკანოზის ადვოკატი საუბრობს ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საქველმოქმედო საქმიანობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეპარქიას და მის მღვდელმთავარს არ გააჩნდა ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის კერძო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ინფორმაცია შევიტყვეთ ტელევიზიის საშუალებით.”

მიხეილ რამიშვილის თქმით, 50 მილიონი ლარის საკითხზე თავიდანვე ჰქონდათ დეკანოზთან საუბარი. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი ამბობს, ჩვენებების დროს ეს კითხვები დაისვა და პასუხებიც გაცემულია, თუ რისთვის სჭირდებოდა ის თანხები გიორგი მამალაძეს. რამიშვილის თქმით, დეკანოზის წინააღმდეგ ამით უკვე ახალი პროგრამა ჩართეს, რადგან გიორგი მამალაძის მიმართ საზოგადოების მხრიდან პოზიტიური განწყობა დაინახეს:

“ეს უკვე არის გეგმა ნომერი B, თუ მერამდენე გეგმა დავარქვა, არ ვიცი. საზოგადოების აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს… ყველა ხედავს, ბრმა და ყრუ არავინ არ არის, მით უმეტეს, საზოგადოებაში, და პოზიტიური დამოკიდებულება მატულობს მამა გიორგის მიმართ. ეს პოზიტიური დამოკიდებულება რომ გააქრონ და ნეგატივში გადაიყვანონ, იმიტომ არის ახლა საუბარი, ვითომ 50 მილიონი უნდა გაეკეთებინა. დალოცვილის შვილებო, ადამიანი თუ 50-მილიონიან საქმეს აკეთებს, რად უნდა საერთოდ ფინანსური და ქონებრივი დარღვევების გამოკვლევა საპატრიარქოში. იჯდებოდა წყნარად, ტკბილად, თბილად, თუ იმ ფულის გამოყენებას თავისთვის აპირებდა და იქნებოდა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი. ეს არ არის სიმართლე, რა კუთხითაც ისინი ამ საკითხს უდგებიან.”

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია აცხადებს, რომ არანაირ საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპარქიის მღვდელმთავართან საუბარი არ ჰქონია: “ხოლო რაც შეეხება ჩაქვის სკოლის მშენებლობას, რომელიც ადვოკატების მხრიდან იქნა გაჟღერებული, არასწორია, რადგან ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა აშენდა და ფუნქციონირებს 1998 წლიდან, რომელსაც გარკვეული პერიოდი თავადვე ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მის [დეკანოზ გიორგი მამალაძის] საქართველოს საპატრიარქოში საქმიანობას, ის 2015 წლის 16 ნოემბრიდან… სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ და გამწესებულ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე. ის ვალდებული იყო, ყველა მისი ქმედება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეეთანხმებინა. ხოლო რაც შეეხება დასახელებულ თანხას, ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით ამის შესახებ, ჩვენ ეს მასმედიის საშუალებით შევიტყვეთ.”

დეკანოზის ადვოკატი კი ამბობს, რომ გიორგი მამალაძის ყველა ქმედება ილია მეორესთან იყო შეთანხმებული, რის გამოც მისი მისამართით იყო გარკვეული მუქარები და დაძაბული ურთიერთობა.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა მამა გიორგი ქონების მართვის სამსახურის უფროსად – უშუალოდ პატრიარქთან იყო პასუხისმგებელი და ვალდებული, ყველანაირ ინფორმაციაზე ჩაეყენებინა ის საქმის კურსში. მეუფე იაკობს, რომელიც ფინანსურ და მთელ ამ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პატრიარქის ბრძანებით გამოეყო ეს სამსახური და სპეციალურად უთხრა მამა გიორგის, რომ დებულება გაეკეთებინა, თუ როგორ ეხელმძღვანელა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პატრიარქთან რომ ათანხმებდა [დეკანოზი მამალაძე] და სხვებთან რომ არა, იმიტომ იყო გარკვეული მუქარები და დაძაბული სიტუაცია – დღეს ჩვენ ჩაგვაყენე საქმის კურსში და მერე პატრიარქიო,” – აცხადებს რამიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

როგორც მიხეილ რამიშვილის ამბობს, საქართველოში ვერანაირი კრიმინალური თუ დამნაშავეების ჯგუფი ვერ მოიძიეს, ვისთან ერთადაც თითქოს დეკანოზი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის, პატრიარქის ან რომელიმე მაღალი იერარქიული სასულიერო პირის მოკვლას, რის გამოც ახლა “ევროპულ მაფიაზე” გადავიდნენ:

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩავიდეთ ერთი ესპანეთში, სადაც გინდათ, შევიტანოთ გარკვეული თანხა და ნებისმიერ ფირმას დავარეგისტრირებთ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეს. გარდა ამისა, მამა გიორგის ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობები, როგორიც იყო ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია. საპატრიარქოს კლინიკას 5-მილიონიანი ზარალი ჰქონდა მიღებული. პროექტებზე როდესაც არის ლაპარაკი, ნებისმიერ არასამთავრობო იქნება თუ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც კარგი საქმე უნდა გააკეთოს, მაინც გააკეთებს. პროექტი არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება. 50 მილიონი ეს არის მაქსიმუმი, თუმცა იქნებ მინიმუმი მიიღო, ხო? რაღაც ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს…”

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოში მოქმედ რომელიმე დონორ ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან პროექტებზე მუშაობისას ურთიერთობა დეკანოზ მამალაძეს, ვისთან ერთადაც მუშაობდა გრანტების მოძიებაზე, მიხეილ რამიშვილი გვპასუხობს:

“არა, მას ჰქონდა აბსოლუტურად უცხო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. საქართველოში ვინც არის, თვითონ არიან დამოკიდებული უცხოელებზე. თვითონ ხომ არ გააჩნიათ არანაირი ფინანსები. საქართველოში ხელის გაწოდება იციან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქიდან შენ წილს ჩაუდებ ჯიბეში. ეს ცნობილია.  მამა გიორგის ალალად, პატიოსნად უნდოდა ყველაფრის გაკეთება და ახლა არის ისეთი მომენტი, რითი დაანგრიონ.

ყველაზე სამწუხარო, იცით, რა არის ჩემთვის? გამოდიან და საუბარი მიდის, რომ მოდი, საპატრიარქოს იმიჯს გავუფრთხილდეთ. თუ იმიჯის გაფრთხილებაზე საუბრობენ,  ეს ადამიანი სასულიერო პირია. მე როგორ შეიძლება ვირწმუნო რომელიმე მათგანისგან რამე, როდესაც თვითონ არ ენდობიან ერთმანეთს; აჩემებული აქვთ, რომ პროკურატურის გამოძიებას ენდობიან და პროკურატურა არის მათი მხსნელი. ეს არის იმიჯის გაფრთხილება?!”

ადვოკატის თქმით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად დანიშვნისას ილია მეორემ გიორგი მამალაძეს უთხრა, დებულება გააკეთეო და თავისი ბრძანებით დანიშნა თანამდებობაზე:

“ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ როგორ მიაღწია ასეთმა ახალგაზრდა ადამიანმა ამხელა წარმატებებს, დალოცვილის შვილო, ყველა ადამიანი გამორჩეულია. მოცარტი 4 წლის იყო უკვე, როცა ნაწარმოებებს წერდა. მამა გიორგიმაც მიაღწია, ღმერთის ნებით იყო გადაწყვეტილი. ჰკითხონ ერთი პატრიარქს, საერთოდ, რა ურთიერთობა ჰქონდათ, რამდენად ენდობოდა. მთელი უბედურება, იცით, რა არის? გამოდიან და იძახიან, რუსეთიდან თუ უკრაინიდან გამოაგდეს ამიტომ და იმიტომო… თუ ასეთი უზნეო და უვარგისი იყო, რატომ არ მივიდნენ პატრიარქთან და არ უთხრეს, თქვენო უწმინდესობავ, ამ კაცის მიღება არსად არ შეიძლებაო? იცით, როგორი აბსურდული რაღაც არის ეს? დამღლელია და გულისამრევია ეს ყველაფერი!”

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ილია მეორეს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, როცა ის გერმანიიდან ჩამოვიდა ოპერაციის შემდეგ. რამიშვილის თქმით, პატრიარქი გიორგი მამალაძის მიმართ მხოლოდ პოზიტიურად იყო განწყობილი და სჯეროდა დაკავებული დეკანოზის.

“მე გავაკეთე შეხვედრა, გიორგისთან და მიასთან ერთად, ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე – ჩემი გვარი და სახელი, ოჯახიც საკმარისი იყო ამისთვის. მისი პოზიცია და კითხვები როგორი იყო, იცით? როგორ გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთო… ანუ, მამა გიორგისთან მიმართებაში იყო ფანტასტიკურ განწყობაში და იმედიანადაც ვიყავი; მე მჯერა მისიო, იძახოდა. ამას იმეორებდა ჩემ თვალწინ. ნანა კაკაბაძეს რომ ჰგონია, მე პროკურატურის ის ვარ… თვითონ რასაც მაიმუნობენ, იმას მიხედონ! ჩემი ყურით ვუსმინე პატრიარქს და მე ვესაუბრებოდი, როდესაც ამას ამბობდა. მეუბნებოდა, ყველაფერს გავაკეთებო, როგორ სჯობსო და ა.შ. დიდი ხანი არ გვქონდა საუბარი, ზუსტად 7–8 წუთი. მამა გიორგიზე მეუბნებოდა, რომ გამხნევდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. დავტოვეთ საპატრიარქო და რამდენიმე დღეში შეიცვალა სიტუაცია; გარემო ისეთი ადამიანებით არის სავსე… ეტყობა, არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ასაკში არის ჩვენი პატრიარქი, ისიც ადამიანია და მდგომარეობა შეიცვალა, სამწუხაროდ. ახლა აღარ გამიკვირდება, პატრიარქმა სულ სხვა რაღაცა თქვას იმიტომ, რომ რა ინფორმაციას აწვდიან, ღმერთმა უწყის,” – ამბობს ადვოკატი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ საუბრის შემდეგ კვლავ სცადეს თუ არა დეკანოზის ადვოკატებმა პატრიარქთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება, მიხეილ რამიშვილი ამბობს:

“როგორ უნდა ვეცადოთ? როცა ვეცადე და ავუხსენი, მერე იყო ასეთი რამ: ძალიან განრისხებული გამოვედი იქიდან და თითიც დამიქნევია სინოდის წევრებისთვის, რომ არ არის წესი, ადამიანი მიატოვოთ-მეთქი. შებრძანდით [პატრიარქთან] და დაელაპარაკეთ-მეთქი. მერე შეხვედრა მქონდა დაახლოებით 15–17 სინოდის წევრთან. პირდაპირ შემიძლია გითხრათ – პედსაბჭო რომ შეიკრიბება ხულიგანი მოწაფის დასასჯელად, ისეთ გარემოში აღმოვჩნდი და ბოლოს გაკვირვებულმა ვუთხარი: ჩემი საპატივცემულო პიროვნებები ბრძანდებით და არ შეგეშალოთ-მეთქი. ავდექი და გამოვედი, დიდი საუბარი არ გვქონია – არ მისმენდნენ და მე ვინც არ მომისმენს, თავის თავის მოუსმინოს. ეგ იყო ჩვენი შეხვედრა და ამის მერე როგორ უნდა შევხვდე პატრიარქს, როცა ვიცი, რომ იმას ცდილობენ, საქმეს ჩამოგვაშორონ… ეს არის უსამართლობის ზეიმი, მაგრამ ღმერთი მაღლიდან იყურება და ხომ ხედავთ, როგორი ამინდებია? არ გამოსწორდა ამინდები ქალაქში და საქართველოში!”


ედიშერ ქარჩავამ, მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტმა, გადაცემაში “აქცენტები” განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრება სურდა. როგორც ქარჩავა ამბობს, ესპანეთში გახსნილი კომპანიის მეშვეობით უკანონო 50 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ტრანზაქციის “თავმჯდომარე” იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე. საპატრიარქოს იურისტის თქმით, ეს უნდა გაკეთებულიყო ეკლესიის გამოყენებით, რაც დააზარალებდა როგორ საპატრიარქოს, ისე სახელმწიფოს. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელზეც ხელს აწერს მამალაძე. ქარჩავა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა, ეს დოკუმენტი მას ხელთ არ გააჩნია, მაგრამ აქვს ერთ პიროვნებას, რომელიც საეკლესიო წრეს მიეკუთვნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი