ამის შესახებ სასტუმრო “შერატონში” პრემიერმინისტრისა და ბიზნესის წარმოამდგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია “პეპსის” გენერალურმა დირექტორმა დავით ლომჯარიამ განაცხადა.
ლომჯარიას განცხადებით, უკვე მიღწეულია შეთანხმება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
იგეგმება თუ არა არააქციზური საქონლის ელექტრონული მარკირების შესახებ კანონის საერთოდ გაუქმება, „პეპსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ეს ჯერჯერობით უცნობია.
“გადავადება მოხდება თუ საერთოდ გაუქმდება, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია მთავრობის მზადყოფნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნესმენებთან შეთანხმება იქნეს მიღწეული. ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ 1 მარტიდან ელექტრონული მარკირება არ ამოქმედდება” – განაცხადა ლომჯარიამ.
არაქციზური საქონლის მარკირების შესახებ №129 ბრძანება 2012 წლის 24 აპრილს მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ გამოსცა. მაშინ ეს ბრძანება ბიზნესს არ გაუპროტესტებია.
ამ ბრძანებით უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა მომხდარიყო. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მტკნარი და მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების მოთხოვნით, ახალი რეგულაციის ამოქმედება 1 მარტმადე გადაიდო.
კომპანიების (შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო”, სს „იბერია რეფრეშმენტსი”, შპს „აქვა გეო” და სს „წყალი მარგებელი”) მენეჯერებმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ორჯერ უკვე გაუგზავნეს მიმართვის წერლი. ისინი ბრძანებულების გაუქმებას ითხოვენ. ამ ეტაპზე დადებითი პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ.
ნოდარ ხადურის განცხადებით, ბრძანება არსებობს, თუმცა არ არსებობს ჩამონათვალი, თუ როემლი პროდუქციის მარკირება უნდა განხორციელდეს: „შესაბამისად, ვიდრე არ იქნება ჩამონათვალი, ბრძანება ვერ ამოქმედდება.“
თუმცა საერთოდ გაუქმდება თუ არა დიმიტრი გვინდაძის მიერ გამოცემული ბრძანება არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ, ნოდარ ხადური არ აკონკრეტებს.
მტკნარი და მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმებელმა კომპანიებმა (შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო”, სს „იბერია რეფრეშმენტსი”, შპს „აქვა გეო” და სს „წყალი მარგებელი”) „უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია” შექმნეს.
ასოციაციის წევრი კომპანიები არააქციზურ საქონელზე მარკირების შემოღების გაუქმებას ითხოვენ. დავით ლომჯარიას განცხადებით, ელექტრონული მარკირების შემოღების შემთხვევაში 1000 ცალ ერთეულ მარკაზე კომპანიებმა 5,5 ევროს ექვივალენტი უნდა გადაიხადონ ლარში. რაც „პეპსის“ ხარჯებს 400 ათსი ლარით გაზრდის.
დავით ლომჯარიას განცხადებით, თუ ელექტრონული მარკირება არ გაუქმდა, მაშინ არაალკოჰოლური პროდუქცია გაძვირდება.