ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მამალაძეს სურს, მისი ადვოკატები იცავდნენ მის ინტერესებს სასამართლოში და სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს.
“მამა გიორგის უნდა, რომ ამ პროცესში დავრჩეთ ჩვენ თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, იგი დღეს შეხვდა ბრალდებულს მატროსოვის ციხეში, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
რამიშვილი ამბობს, რომ სააპელაციო საჩივრით მიმართეს სასამართლოს, რომ ისევ დაუშვან ის და კიდევ ორი ადვოკატი, მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია, სასამართლო პროცესზე.
“დასაბუთება ისაა, რომ განკარგულებაში მითითებულია, რომ წესრიგი დავარღვიე, რა წესრიგი დავარღვიე, რა კრიტერიუმებია წესრიგის დარღვევის. დეტალურად უნდა ყოფილიყო მაშინ, რაში გამოიხატება წესრიგის დარღვევა. [სხდომა] დავტოვე იმიტომ, რომ მოითხოვა მამა გიორგიმ. უფლება რ გვქონდა, მისი მოთხოვნის წინაღმდეგ გვემოქმედა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მიხეილ რამიშვილმა.
გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზ მამალაძეს იცავს მეოთხე ადვოკატი ეკა ლიმიძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა სასამართლო სხდომაზე, ამიტომაც დეკანოზი დაცვის გარეშე არ დარჩენილა.
“საერთოდ, სახაზინო წესით როგორ უნდა დაენიშნა, ჩემთვის გაუგებარია. დაცვის უფლების გარეშე არ დარჩენილა მამა გიორგი, ჰყავს მეოთხე ადვოკატი. ეტყობა, საქმეში კარგად ვერ ჩახედეს, მეოთხე ადვოკატიც რომ ფიგურირებს საქმეში”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
19 მაისს ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე, იმის გამო, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომა დახურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და მოუწოდა მის დამცველებს, სამ ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას, მია ზოიძესა და მიხელ რამიშვილს, მათაც დაეტოვებინათ სასამართლო დარბაზი.
ადვოკატებმა დატოვეს სასამართლო სხდომა, რის გამოც სხდომა დასრულდა და 30 მაისს გადაიდო. მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დეკანოზ მამალაძეს დაენიშნება სახაზინო ადვოკატი, ხოლო ადვოკატების ქმედებაზე იმსჯელებს ეთიკის კომისია.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).
მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.
“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა,” – აცხადებს პროკურატურა.
გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.
2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.
თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.