შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
22 მაისს, 09:00 საათიდან 26 მაისის საღამომდე, ღონისძიებების დასრულებამდე, თავისუფლების მოედანზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, ალ. პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება და ავტომანქანები თავისუფლების მოედნიდან ორბელიანის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
24 მაისს, 24:00 საათიდან, რუსთაველის გამზირსა და ვარდების მოედანზე მოქალაქეებისთვის ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალება. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ქუჩებზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, უსახელოს, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.
26 მაისს, 05:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე მოძრაობა აიკრძალება, ხოლო კოტე აფხაზის, შალვა დადიანის და გიორგი ლეონიძის ქუჩებზე – შეიზღუდება.
ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით – რევაზ თაბუკაშვილისა და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე. ზემოაღნიშნულ ქუჩებსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა 27 მაისს, საზეიმო ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.