ახალი ამბები

პარლამენტი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესზე მსჯელობს

18 თებერვალი, 2013 •
პარლამენტი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის წესზე მსჯელობს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან და დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებს, უნდა გაეზარდოთ სახელმწიფო კომპენსაცია. ამავდროუალად, კანონპროექტის მიზანია,  სახელმწიფო კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვრის ნაცვლად, დაწესდეს მინიმალური ზღვარი. იგივე კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი წარმოადგინა საქართველოს მთავრობამაც.

 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი ძაგნიძის თქმით, პრეზიდენტის კანონპროექტი უფრო მრავალმხრივი და კომპლექსურია:


“კანონპროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუკი აღნიშნული პირები მუშაობენ საჯარო სექტორში, მათ უფლება ექნებათ ისარგებლონ ამ კომპენსაციით დამატებით ისევე, როგორც კერძო სექტორში მუშაობის დროს. ამავდროულად, კანონპროექტი ძალოვანი უწყების გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრინციპს, რომ განხილვა მოხდეს. ამ პროექტის გარდა წარმოდგენილია მთავრობის პროექტი, რომელიც გარკვეულწილად ითვალისწინებს ანალოგიური სახის დებულებებს, თუმცა, სხვაგვარი მიდგომა არსებობს, მაგრამ  მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენულ საკანონმდებლო პაკეტი უფრო მრავალმხრივია, იქ სხვადასხვა ასპექტებია, უფრო კომპლექსური მიდგომაა ამ პირთა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. მოხდება ორივეს განხილვა სხვა კომიტეტებზეც”.

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები განმარტავენ,   აღნიშნული ცვლილებების ინიცირება საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.

 

“პრეზიდენტი დღეს ფიქრობს იმაზე, რომ ბევრი რაღაც, რაც წარსულში ვერ გააკეთა, ახლა მიიჩნევს, რომ ალბათ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ეს არის მთავრობის პრეროგატივა. მთავრობას კარგად აქვს წარმოდგენილი ის კანპონპროექტი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ”, – განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი