თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერის მთავარი პრიორიტეტი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა. მაისიდან წლის ბოლომდე ქართული ჯარის კვების მომსახურებაზე გამოყენებული ადგილობრივი საკვები პროდუქტების მთლიანი ღირებულება 15%-დან 45%-მდე გაიზრდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამხედრო მოსამსახურეები სამჯერადი ნორმირებული და ჯანსაღი კვებით უნდა უზრუნველყონ, როგორც სასადილო, ასევე საველე პირობებში. თავდაცვის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულს კომპანიებს სამზარეულო მანქანა–დანადგარებს გადასცემს:
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შესყიდვები შემდეგი რეგიონული პრინციპით განხორციელდება- 1. თბილისი, მცხეთა, გორი, ახალციხე 2. კახეთის რეგიონი 3. იმერეთის რეგიონი 4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი:
“ჩვენმა მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის სოფლის მეურნეობა, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ჩვენ მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ–ერთ მთავარ პირობად იქნება, რომ წელს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ, რომ სამხედრო მოსამსახურეების კვების ხვედრითი წილი, მინიმუმ 45%, უნდა იყოს ადგილობრივი, ქართული წარმოების. ხოლო მომავალ წელს, 2014 წელს- მინიმუმ 55%”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის:
“წლების მანძილზე სურვილი გამოითქმებოდა ფერმერების მიერ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებასთან დაკავშირებით და ახლა კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული. ეს კოორდინაციაა იმ საქმიანობასთან, რასაც საქართველოს მთავრობა პრემიერის ინიციატივით ეწევა”, – განაცხადა დავით კირვალიძემ.





