ამიერიდან ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს კონკრეტულ ჟურნალისტურ ნამუშევარზე განცხადებით, ან ინიციატივა გამოიჩინოს თავად საბჭოს წევრმა. აღნიშნული ინიციატივა და განცხადება გაეგზავნება საბჭოს სამ წევრს, რომლებიც 24 საათში უმრავლესობით იღებენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საქმისთვის განსაკუთრებული სტატუტის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საბჭო ვალდებულია 3 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილოს საქმე და მოამზადოს მოსაზრება.
საბჭოს მიერ მომზადებული მოსაზრება 24 საათის განმავლობაში გაეგზავნება იმ ჟურნალისტს, რომლის მასალაც იქნა განხილული, განმცხადებელს ან ინიციატორს, ასევე გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ეთიკის ქარტიის საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქარტიის მუხლებზე დაყრდნობით, ეს იქნება საბჭოს მოსაზრება, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა ჩვენს პროფესიაში მიღებული ზოგადი ეთიკური სტანდარტები.
ქარტიის საბჭოში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული წესის დანერგვა ხელს შეუწყობს მათი მთავარი ფუნქციის – პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას და მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.
რაც შეეხება ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ საჩივარს, ეთიკის ქარტიის საბჭო ადგენს, ქარტიის რომელი მუხლი დაარღვია ჟურნალისტმა.