ახალი ამბები

აბესაძე წოწორიას საქმეზე: ხელისუფლება ყველა ინსტიტუტის მიმართ ძალადობისკენ არის მიდრეკილი

19 მაისი, 2017 •
აბესაძე წოწორიას საქმეზე: ხელისუფლება ყველა ინსტიტუტის მიმართ ძალადობისკენ არის მიდრეკილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ინსტიტუტის მიმართ ძალადობისკენ არის მიდრეკილი და ამით აიხსნება ევროპული სასამართლოს მოსამართლის ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების ამოღება.

ირაკლი აბესაძის თქმით, დიდი ალბათობით, ხელისუფლების მოქმედებები ძალადობრივია და კონკრეტულ მიზანს ემსახურება:

“ხელისუფლება ძალადობს ყველა იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ვერ იმორჩილებს და დაქვემდებარებაში არ ჰყავს. არაერთი მაგალითი გვაქვს მოსამართლეებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლის, მათი დაშინების, შანტაჟის, თუ მოსყიდვის. ეს აქმდე ეხებოდა საერთო და საკოსნტიტუციო სასამართლოს წევრებს, ახლა საქმე სტრასბურგის მოსამართლეს ეხება. ჩვენ შგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საქმე ძალიან საეჭვოა. ”

მისივე აზრით, ამ საქმეზე ხელისუფლებამ მკაფიო განამრტებები უნდა გააკეთოს და მეტი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს:

“სხვა შემთხვევაში, ნათელია, რომ ეს არის ზეწოლა მოსამართლეზე. არც გაგვიკვირდება, ასე რომ იყოს. როცა საქმე ევროპული სასამართლოს მოსამართლის ოჯახს ეხება, ამ ყველაფერს მეტი განმარტება სჭირდება.”

____________________________________________________________

სს-ს განცხადებით, ოთარ წოწორიას სახლიდან  პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ოთარ წოწორია დაკავებული არ არის. მისი ადვოკატის, დავით ჩავლეიშვილის ცნობით, ოთარ წოწორიასთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

ოთარ წოწორია მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას თავისი დის საქმიანობას უკავშირებს.

იგი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც პოლიციამ ამოიღო, მას არ ეკუთვნის და არც ის იცის, თუ როგორც გაჩნდა მის სახლში:

“აბსოლუტურად წარმოუდგენელია, საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან,”- ამბობს ოთარ წოწორია.

ოთარ წოწორიას თქმითვე, მისი სახლი არ იკეტება:

“ჩემი სახლი არ იკეტება. შიგნიდან შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ერთი კარი არ იკეტება. ფიზიკურად, ოჯახს არ ვტოვებთ 24 საათის განმავლობაში, უბრალოდ, ჩემი სიმამრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 8 დღის გამავლობაში სახლი იყო უკონტროლოდ, უბრალოდ გარედან დაკეტილი.

დაახლოებით თვენახევრის წინ იყვნენ ჩემთან, ავტოფარეხში მოსული. მე ვარ ავტოფარეხის მეპატრონე, ასევე, ლიდერი სპეციალისტი. შეამოწმეს დანადგარები, მოითხოვეს დანადგარების პასპორტები, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და განბაჟების საბუთებიდან დაწყებული შეძენის საბუთებამდე ყველაფერი არსებობს. რამდენიმე შეამოწმეს, მოტრიალდნენ და წავიდენენ,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რატომ უკავშირებს საკუთარი დის საქმიანობას ამ ყველაფერს, ოთარ წოწორია პასუხობს:

“ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ ამიტომ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი