აფიშაახალი ამბებიკინო

“მტრები” – ახალი ქართული ფილმი აგვისტოს ომის თემაზე

19 მაისი, 2017 • 9954
“მტრები” – ახალი ქართული ფილმი აგვისტოს ომის თემაზე

18 მაისიდან მაყურებელს თბილისის კინოთეატრებში ახალი ქართული ფილმის “მტრები” ნახვის საშუალება აქვს. ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები – კახა კინწურაშვილი და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.

“მტრების” სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი ღაჭავაა. ფილმის ავტორთა თქმით, სცენარი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებულ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ფილმში ასახულია, თუ როგორ ხვდებიან ერთად ცხინვალში, დაბომბვის შედეგად ჩახერგილ სარდაფში ქართველი ჯარისკაცი და ოსი მოხუცი. ფილმი მათ შორის განვითარებულ დიალოგზეა აგებული, სადაც ორივე ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე.

ფილმზე ახალგაზრდა პროდიუსერების ჯგუფმა სტუდია “სარკესთან” ერთად იმუშავა. როგორც ფილმის პროდიუსერი აკო მაჭავარიანი ამბობს, გადაღებები მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა და ფილმის დაფინანსებაში მონაწილეობა აფხაზეთის ომის ვეტერანებმაც მიიღეს.

“დღეში 16-17 საათი ვმუშაობდით, თუმცა შეზღუდულ ფინანსურ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ფილმის ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია. რეჟისორმაც და მსახიობებმაც მაღალ დონეზე შეძლეს მუშაობა,” – ამბობს მაჭავარიანი.

ფილმის ნახვა კინოთეატრ “რუსთაველში”, “ამირანსა” და “კავეა ისთ ფოინთშია” შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი