ახალი ამბები

პროკურორი: დეკანოზის დაკავება და ჩხრეკა კანონის სრული დაცვით მოხდა

19 მაისი, 2017 • 2098
პროკურორი: დეკანოზის დაკავება და ჩხრეკა კანონის სრული დაცვით მოხდა

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება და ჩხრეკა კანონის სრული დაცვით მოხდა.

“მისი დაკავება, მისი ჩხრეკა მოხდა კანონის სრული დაცვით. დაკავება და ჩხრეკა სრულად ასახულია ოქმში. იგი გაეცნო ამ ოქმებს, არავითარი შენიშვნა მას არ ჰქონდა და არავითარი შენიშვნა მას ოქმზე არ დაუფიქსირებია. ოქმი ნახა წინასასამართლო სხდომის მოსამართლემაც და დასაშვებად ცნო ეს მტკიცებულება. ბრალდებული ყოველ მორიგ პროცესზე იგონებს ინფორმაციას”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, წინასასამართლო სხდომების შემდეგ დეკანოზის ადვოკატებმა საზოგადოების დეზინფორმირება დაიწყეს:

“თითქოს ჩვენ დაკითხვისას ვთავაზობდით საპროცესო განრიდებას, რომ დაესახელებინა მესამე პირები ხელოვნურად. სრულად არის ჩანაწერი ამ ვიდეოდაკითხვების. არავითარი შეთავაზება არ მომხდარა. საპროცესო კოდექსით დაუშვებელია მკვლელობის მომზადების საქმეზე განრიდება”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, სადაც მამალაძემ განაცხადა, რომ პროკურატურას იგი აეროპორტში  კი არ დაუკავებია, არამედ დააკავეს მანქანაში, ხოლო გაჩხრიკეს პროკურატურაში. ბრალდებული მიუთითებს, რომ დაკავება მისი უფლებების დარღვევით მოხდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საქმის საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა ”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი