სამშვიდობო დიალოგი თუ დროის კარგვა?
ამასწინათ ფეისბუკზე ერთ პოსტს წავაწყდი. საუბარი იყო საქართველოში სომხურ-აზერბაიჯანულ მორიგ “სამშვიდობო” შეხვედრის შესახებ. შეხვედრა, როგორც წესი, ერთ-ერთი დასავლური ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. პოსტის ავტორი საუბრობდა იმის შესახებ, რომ სემინარის ბოლოს არანაირი “სამშვიდობო დიალოგი” არ შედგა და თუ შეხვედრამდე მის მონაწილე სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთმანეთი აბსტრაქტულად სძულდათ, ახლა სიძულვილის რეალური მიზეზებიც ჰქონდათ.
რთულია, პოსტის ავტორს“ ვიწრო ხედვის მქონე ნაციონალისტი” უწოდო. პირიქით, ის ახალგაზრდა სოციოლოგია, ლიბერალური შეხედულების მქონე ადამიანი. მისმა პოსტმა ამიტომაც დამაფიქრა: შეიძლება, მსგავსი ღონისძიებები, მართლაც, აუარესებს სიტუაციას და უმჯობესია, საერთოდ უარი ვთქვათ ასეთ შეხვედრებზე? სრულიად შესაძლებელია, პოსტის ავტორს, უბრალოდ, არ გამართლებოდა კონკრეტულ ღონისძიებაში.
რეალურად, “სამშვიდობო” დიალოგი ძალიან რთული რამეა. განსაკუთრებით, თუ მასში ის ადამიანები მონაწილეობენ, რომელთაც ამის გამოცდილება მანამდე არ ჰქონიათ და ორგანიზატორთა მცირე შეცდომებიც კი შეხვედრების სრულ ჩავარდნას იწვევს. მე თავადაც ვყოფილვარ სამშვიდობო შეხვედრებზე, სადაც მიუხედავად ჩემი მხარდაჭერისა სამშვიდობო იდეალების მიმართ, ორივე მხარის მონაწილენი გამაღიზიანებლად იქცეოდნენ. მაგრამ ასეთი ღონისძიენები უფრო გამონაკლისია. ჩემს პრაქტიკაში შეხვედრების უმეტესობა ბევრად წარმატებული გამოდგა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მონაწილეები კამათობენ, ყვირიან, თუმცა რაღაც მომენტში იაზრებ, რომ რაღაც გარღვევას მივაღწიეთ, თუნდაც პატარა ჯგუფში.
სამშვიდობო ინიციატივების ნეგატიური აღქმა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სომხეთში, მთიან ყარაბაღშიც და აზერბაიჯანშიც ბევრი ადამიანია ხელისუფლებაში და მის გარეთაც, ვინც მეორე მხარის წარმომადგენელთან ნებისმიერი ტიპის შეხვედრას, უკეთეს შემთხვევაში, დროის კარგვად, უარესში კი,- ღალატად მიიჩნევს.
ლიბერლურ-დემოკრატიული ფასეულობების შემცირების ფონზე ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ მასში, ამ ტენდენციამ განსაკუთრებით ძლიერად ბოლო წლებში იჩინა თავი. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოელ აგენტებად” მოიხსენიებენ, უცხოელ დონორებთან თანამშრომლობას კი ლამის ქვეყნის ინტერესების ღალატად ნათლავენ. სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა არ შეიძლებოდა არ ასახულიყო იმ ადამიანებზეც, ვინც სწორედ ისეთი “საეჭვო” საქმით არის დაკავებული, როგორიცაა დიალოგი “მტერთან”. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სომხურ არასამთავრობოებს მათ აზერბაიჯანელ კოლეგებზე მეტად გაუმართლათ. სანამ ამ ბრალდებებით აზერბაიჯანში ხალხს აკავებდნენ, ორგანიზაციებს ხურავდნენ, ანგარიშებს უყინავდნენ, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში მსგავსი არაფერი მომხდარა: მთლიანობაში, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც სამშვიდობო დიალოგს სომხეთში მშვიდად აღიქვამს, თუმცა, ენთუზიაზმის გარეშე. ბოლო წლებში გახშირებული ინციდენტების, განსაკუთრებით კი, აპრილის “ოთხდღიანი ომის” ფონზე, სომხეთის საზოგადოება უფრო სკეპტიკურად უყურებს სამშვიდობო შეხვედრებს.
[red_box]რა უშლის ხელს სამშვიდობო ინიციატივებს?[/red_box]
სამშვიდობო დიალოგი იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ერთობლივი ღონისძიებები. მათ, ვისაც უმუშავია ასეთ პროექტებზე, იციან, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ დიალოგში ბევრი პრობლემაა. მათი გადაჭრის სირთულეები იმ ფაქტორების შედეგია, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე დამოკიდებული არ არის. მაგალითად, კონფლიქტის კონფიგურაცია, კონფლიქტის მხარეების ხელისუფლებების პოლიტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია და ა.შ. ძალიან რთულია საზოგადოებისთვის ნაბიჯების გადადგმა, როდესაც მათ ხელისუფლებები ბლოკავენ, თუნდაც კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარე იყოს ეს. ამ მხრივ, სომხეთის ხელისუფლება შედარებით ლიბერალურია, თუმცა სამშვიდობო პროგრამებს ისინიც სიფრთხილით ეკიდებოდნენ. აზერბაიჯანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დიალოგი არსებულ სტატუს-კვოს ლეგიტიმაციაა, რომელიც ერევანისა და სტეპანაკერტის ინტერესებში შედის. 1990 წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი იყო, ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ მოლაპარაკებებში გარღვევების იმედი ჩანდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სამშვიდობო სამოქალაქო დიალოგს შედარებით ტოლერანტულად უყურებდა. თუმცა ხელისუფლებაში ილჰამ ალიევის მოსვლის შემდეგ ქვეყნის პოზიციაში ცვლილება დაიწყო. სიტუაციის მკვეთრი გაუარესება უკვე 2014 წლიდან შეიმჩნევა, როდესაც უკრაინის რევოლუციის შემდეგ ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის აზერბაიჯანში, ზეწოლა დაიწყო. აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა დიალოგის პროექტებში აზერბაიჯანელთა შესაძლებლობები. სამშვიდობო ინიციატივებისთვის კიდევ ერთი გამოცდა 2016 წლის აპრილის მოვლენები გახდა, როდესაც მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები დაიწყო – ე.წ. ოთხდღიანი ომი. თუმცა, რთული პირობების მიუხედავად, დიალოგი გაგრძელდა: ზოგიერთმა აზერბაიჯანულმა ორგანიზაციამ და აქტივისტმა სომეხ პარტნიორებთან მუშაობა არ შეწყვიტა. იმ დღეების განმავლობაში მუშაობა ზოგჯერ ინდივიდუალურ დონეზე მიმდინარეობდა. პროცესში ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები აზერბაიჯანელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. დღეს, როგორც ჩანს, ყველაზე რთული პერიოდი უკან მოვიტოვეთ, თუმცა პრობლემები არ გამქარალა.
ბოლო წლებში არსებული სირთულეები სამშვიდობო ინიციატივების სისუსტეზე მიუთითებს – საერთაშორისო ფინანსურ დონორებზე დამოკიდებულებას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების უმრავლესობა, როგორც წესი, უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზეა დამოკიდებული. სხვა პრაქტიკა ფაქტიურად არ არსებობს. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები არ არის ბევრი. ძირითადად ევროპული სტრუქტურები და, პირველ რიგში, ევროკავშირია, ასევე, დასავლეთის ქვეყნების სახელისუფლებო და კერძო ფონდები. მაგალითად, 2010 წლიდან ევროკავშირი აფინანსებს პროგრამას “ევროპული პარტნიორობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის” (EPNK). თუმცა ბოლო წლებში უკრაინასა და სირიაში მომხდარი მოვლენების შემდეგ საერთაშორისო დონორების დიდი ნაწილისთვის სომხურ-აზერბაიჯანული დიალოგი არ არის პრიორიტეტული, მეორე პლანზე გადავიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამშვიდობო დიალოგი?
სამშვიდობო პროგრამების მიმართ სკეპტიციზმის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მისი შედეგების გაზომვა საკმაოდ რთულია. ეს ზოგადად სამოქალაქო სექტორის საერთო პრობლემაა. თუმცა სამშვიდობო პროექტებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ სწორედ ახლა დგას, ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ზეწოლის პირობებში. სამშვიდობო ინიციატივების ძირითადი შედეგი მაინც ადამიანის აზროვნების შეცვლაა, რისი გაზომვაც მარტივი არ არის. მაგალითად, შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი ჟურნალისტი მონაწილეობდა სემინარებსა და ტრენინგებში, თუმცა რთულია იმის განსაზღვრა, მათ შორის რამდენმა შეცვალა მიდგომა კონფლიქტის მიმართ და ასეთ შემთხვევაში რამდენი გამოიყენებს ამ ახალ მიდგომას თავის ყოველდღიურ საქმიანობაში?
დიიალოგის პროგრამებს მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. ისინი აყალიბებს საზოგადოებაში ალტერნატიულ დისკურსს. სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც და მთიან ყარაბაღშიც, სხვადასხვა დონეზე, ადგილობრივი განსაკუთრებულობებით, მთლიანობაში კონფრონტაციული დისკურსი დომინირებს, რომელსაც “ურაპატრიოტიზმი” შეგვიძლია ვუწოდოთ”. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებას სხვა ხედვები და დომინანტური “ურაპატრიოტიზმის” ნარატივი კრიტიკულად დაანახონ. საუბარი არ არის საბჭოთა ინტერნაციონალიზმის სტილში პრიმიტიულ პროპაგანდაზე “მშვიდობა, მეგობრობა”. ასეთი მიდგომა უსარგებლო და კონფლიქტის პირობებში საზიანოც კი იქნებოდა. საუბარია ოფიციალურ დისკურსზე, დაფუძნებული მანიპულაციების კრიტიკაზე.
რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ცდილობს, ალეტერნატიული აზრი გამოთქვას კონფლიქტის შესახებ, სამშვიდობო პროგრამების მონაწილე არ არის. ბევრი ამას დიალოგის პროგრამების გარეშეც აკეთებს. თუმცა ასეთი ინიციატივების გარეშე ჩვენს საზოგადოებებში ეს ალტერნატიული დისკურსი ბევრად სუსტი იქნებოდა.
სამშვიდობო ინიციატივების მეორე შედეგი სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციის არხის გაჩენაა. განსხვავებით, მაგალითად, რუსეთისა და უკრაინისგან, სადაც კონფლიქტის მიუხდავად, შენარჩუნებულია კულტურული და ადამიანური კავშირები, სომხეთი და მთიანი ყარაბაღი, ერთი მხრივ, და აზერბაიჯანი, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულია. მათ შორის საერთო მხოლოდ ფრონტის ხაზია. რჩება ვირტუალური სამყარო, რუსულენოვანი და უფრო ნაკლებად, ინგლისურენოვანი მედია. ასევე, სოციალური ქსელები, სადაც “საინფორმაციო ომის” კანონები მოქმედებს. რუსულენოვანი, სომხური და აზერბაიჯანული მედია საკმაოდ სპეციფიკურად აშუქებს ორივე საზოგადოების რეალობას: ზოგჯერ გგონია, რომ ბევრი რამ მხოლოდ იმიტომ იწერება, რომ მეორე მხარე გააღიზიანონ. სოციალურ ქსელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, აქ მრავლადაა შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და “ტროლინგი”. შესაბამისად, ფაქტიურად ერთადერთი მუშა არხი სომხურ და აზერბაიჯანულ საზოგადოებებს შორის სამშვიდობო პროგრამები რჩება, რომელიც დაცლილია “საინფორმაციო ომისგან”. მათ გარეშე ორ საზოგადოებას შორის უფსკრული უფრო გაღრმავდებოდა.
არსებობს კიდევ ერთი, თუმცა, გრძელვადიანი შედეგი ასეთი დიალოგისა. გროვდება პოტენციალი, რომელიც შესაძლოა გამოიყენონ მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება და კონფლიქტის მოგვარების რეალური პროცესი დაიწყება. თუკი მოხდება მსგავსი გარღვევა და ხელი მოწერება კონფლიქტის დარეგულირების დოკუმენტებს, ეს იქნება მხარეთა შერიგების რეალური პროცესის დასაწყისი, რომელიც რთული და ხანგრძლივი იქნება. სწორედ მაშინ გახდება საჭირო ის პოტენციალი, რომელიც დღეს სამშვიდობო პროგრამებით ყალიბდება. ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც დღეს მსგავსი შეხვედრების დროს ერთმანეთს იცნობენ, მომავალში, შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიმღებთა პოზიციებზე აღმოჩნდნენ. ექსპერტული ნაშრომები სხვადასხვა სფეროში, რომლებიც დღევანდელი კონფრონტაციული კლიმატის პირობებში თაროზე იმტვერება, საჭირო გახდება მაშინ, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოვლინდება.
ამ მომენტამდე დიდი გზაა- წლები, შეიძლება ათწლეულებიც. სწორედ ამიტომ, დღეს სამშვიდობო ინციატივები სრულიად უპერსპექტივოდ ჩანს. თუმცა ცვლილებები შეიძლება იმაზე ბევრად ადრე მოხდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია, და ამისთვის დღესვე უნდა მოვემზადოთ.