საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის საჯაროობის მომხრე იყო და აცხადებდა, რომ საზოგადოებას არ უნდა დარჩენოდა კითხვები ე.წ. ციანიდის საქმეზე. თუმცა, როგორც დღეს საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, საქმეში შესაძლოა არსებობდეს გარკვეული საკითხები, რომელთა გასაჯაროება შეიძლება ვინმესთვის ზიანის მომტანი იყოს. მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიცია მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ გახდება ცნობილი.
ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ საპატრიარქო კვლავ მომხრეა, სასამართლოში მოხდეს საქმის ობიექტურად განხილვა: “პროკურატურა რას ითხოვს დღეს, მე პირადად არ ვიცი, ვინაიდან შუამდგომლობითი ნაწილი უნდა დადგეს და ყველა უნდა დავესწროთ. დასაბუთებას მოვისმენთ, როგორც პროკურატურის მხრივ, ასევე დაცვის მხარის მხრივ. მე გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და დღესაც ვიმეორებ იმავეს, რომ მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა: ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მამა გიორგი მამალაძის ინტერესები და, მეორე მხრივ, იმ ადამიანთა ინტერესები, ვინც შეიძლება პირადი ცხოვრების გარემოებებზე ან სხვა რაღაც ისეთ არსებით საკითხზე არის საუბარი, რომლის გასაჯაროება, რა თქმა უნდა, ზიანს მიაყენებს იმ ადამიანთა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ იმ არგუმენტებს, თუ რას დაასაბუთებს, ერთი მხრივ, პროკურატურა და, მეორე მხრივ, დაცვის მხარე, რომელიც შეგვპირდა, რომ მათი შუამდგომლობაც ასევე იქნება დასაბუთებული.”
საპატრიარქოს იურისტის თქმით, მხარეთა პოზიციები წარმოაჩენს, რამდენად იყო დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი მათი შუამდგომლობები, რის შემდეგადაც შეეძლებათ გარკვეული ანალიზის გაკეთება.
კითხვაზე, მოხდება თუ არა ობიექტური განხილვა მედიის დასწრებისა და საზოგადოების ინფორმირების გარეშე, საპატრიარქოს იურისტი პასუხობს: “მე იმას ვსაუბრობ, რომ არის გარკვეული საკითხები, რომელთა გასაჯაროება, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ზიანის მომტანი იყოს. ამიტომ, კარგი იქნება, რომ ეს არგუმენტები ბოლომდე მოვისმინოთ და მერე შევაფასოთ.”
საქმის საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა და დღესაც, ისევე როგორც წინასასამართლო სხდომაზე, ითხოვს პროცესის დახურვას. 5 მაისს პროცესის საჯაროდ განხილვის მომხრე იყო საპატრიარქოც, თუმცა დღეს პოზიცია შეიცვალა იმ მოტივით, რომ “გათვალისწინებული უნდა იყოს პირადი ცხოვრების გარემოებები, რომელთა გასაჯაროება ზიანს მოუტანს ადამიანებს.”
“რაც შეეხება უშუალოდ პროკურატურის პოზიციას, მე არ მიკვირს, რომ მათ დახურვის სურვილი აქვთ, ვინაიდან მათ დასამალი აქვთ ძალიან ბევრი და ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სასამართლოდან, თუ რის დამალვას ცდილობენ დღემდე.
აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ ისიც დაინახა, რომ წინა სასამართლო პროცესზე, როცა დახურვის შუამდგომლობა დააყენეს და უნდოდათ, რომ ეს შუამდგომლობაც ყოფილიყო დახურული ფორმით, რისი საშუალებაც არ მივეცით, თქვენ, ჟურნალისტებმა დაინახეთ, რომ არაფერი იქ არ იყო ისეთი, რომლის დახურვაც იქნებოდა აუცილებელი. ამდენად, პროკურატურას არავითარი ახალი არგუმენტი არა აქვს სამართლებრივი, რომ სასამართლო დაიხუროს.
მოსამართლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ეს სასამართლო პროცესი იყოს თავიდან ბოლომდე ღია”, – აცხადებს გიორგი ფანცულაია.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).
მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.
“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა,” – აცხადებს პროკურატურა.
გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.
2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.
თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.