ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ყრილობა მანანა კობახიძემ გახსნა

16 თებერვალი, 2013 • 1080
“ქართული ოცნების” ყრილობა მანანა კობახიძემ გახსნა

კობახიძემ საკუთარი გამოსვლა პარტიის შექმნის ისტორიის გახსენებით დაიწყო. მისი თქმით, გასული წლის 21 აპრილს პარტიის სადამფუძნებლო ყრილობას 1 109 წევრი ესწრებოდა, დღეს კი პარტიას ჰყავს 9 191 წევრი.

 

მანანა კობახიძე
მანანა კობახიძე

კობახიძემ გაიხსენა პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებები წინასაარჩევნო პერიოდში: აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის შემწირველების დაჯარიმებები, აქტივისტების დაკავებები, ფიზიკური ანგარიშსწორებები, თავად პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული მილიონიანი ჯარიმები და ა.შ.

 

კობახიძის თქმით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 45 წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, ხოლო კოალიცია “ქართულ ოცნებას”, რომლის შემადგენლობაშიც პარტია “ქართული ოცნების” გარდა კიდევ 5 პარტიაა გაერთიანებული, 83 დეპუტატი ჰყავს.

 

კობახიძემ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” აუცილებლად შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს.

 

მისი თქმით, ყრილობის მოსამზადებლად საქართველოს სხვადახვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ჩატარდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების სადამფუძნებლო ყრილობები, რის შემდეგაც შეირჩნენ დელეგატები.

 

კობახიძემ ისაუბრა ის საკითხებზე, რაც აუცილებელია პარტიის განვითარებისთვის, მან ხაზი გაუსვა ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი