ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კობახიძე იმედოვნებს, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირს რეაგირება ექნება

18 მაისი, 2017 •
კობახიძე იმედოვნებს, რომ ზალბერის განცხადებაზე ევროკავშირს რეაგირება ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ვიზიარებ შეშფოთებას ბატონ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისევე, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული მხარე ლეგიტიმურად არ აღიარებს. როგორც წესი, ამ ტერიტორიებზე არჩევნების პროცესებამდე და მის შემდეგაც ევროკავშირი, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები, შესაბამისი განცხადებებით ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი