ახალი ამბები

დეპუტატის შვილის გარდაცვალებაში პატრულს ადანაშაულებენ – საქმე პროკურატურამ გადაიბარა

18 მაისი, 2017 •
დეპუტატის შვილის გარდაცვალებაში პატრულს ადანაშაულებენ – საქმე პროკურატურამ გადაიბარა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას პოლიციამ გორის გვირაბთან სატვირთო ავტომობილით ჩაუხერგა გზა, რომელსაც ხილვადობის ნაკლებობის გამო მძღოლი მაღალი სისწრაფით შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

უფრო ვრცლად სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, რომელიც საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს ახალგაზრდის გარდაცვალებაში. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, თავად მუშაობდა ამ უწყებაში და ინფორმაციაც მოქმედი პოლიციის თანამშრომლებისგან აქვს. გარდა ამისა, კუპრავა ამბობს, რომ გორში უკვე ყველამ დეტალურად იცის მომხდარის შესახებ.

“საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.

ხაშურთან ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა ა|მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო. ამ დროს გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა,” – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავა.

რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპატრულო პოლიციის არასწორი დევნის შედეგად იღუპებიან ადამიანები:

“საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი “ზღარბი პოლიციელებით”, რომელსც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეეძლება მანქანის გაჩერება. დამრღვევ მანქანებს სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ ტრაილერებით უკეტავენ გზას.”

ბექა ხახუბიას გარდაცვალების შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატებიც საუბრობდნენ. ამის მიზეზად ისინიც საპატრულო პოლიციის მიერ სატვირთო ავტომობილით გვირაბის ჩახერგვას ასახელებენ.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე -5 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

17 მაისს ეს საქმე უკვე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა, რომელიც სსსკ–ის ამავე მუხლითა და ნაწილით აწარმოებს გამოძიებას. დამატებითი დეტალების შესახებ ამ დროისთვის შსს–სა და პროკურატურაში არ საუბრობენ.

როგორც ზვიად კუპრავა ამბობს, ლოგიკურია, რომ საქმე პროკურატურამ გადაიბარა, რადგან პოლიციელის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულს ქვემდებარეობა ამ საგამოძიებო ორგანოში აქვს. შესაბამისად, პროკურატურა ვალდებულია, რომ გამოიძიოს ეს საქმე და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი