ახალი ამბები

ნანუაშვილი: თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას რამდენიმე დღე კიდევ უნდა მივცეთ

18 მაისი, 2017 •
ნანუაშვილი: თორდიას ცემის საქმეზე გამოძიებას რამდენიმე დღე კიდევ უნდა მივცეთ

სახალხო დამცველის განცხადებით, პროკურატურას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მიეცეს ლაშა თორდრიაზე თავდასხმის საქმის გამოსაძიებლად.  მისივე აზრით, ამ ეტაპზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

უჩა ნანუაშვილის თქმით,  ის ფაქტი, რომ ოთარ ფარცხალაძე 17 მაისს დაიკითხა და არა მანამდე,  უკვე კითხვის ნიშანს აჩენს:

“რატომ არ დაიკითხა დაუყონებლივ? მით უმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება და, ვფიქრობ, დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მისი დაკითხვა. თვალყურს მივადევნებთ გამოძიებას და იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადაში ძალიან ბევრ საკითხზე გვექნება ინფორმაცია და კითხვებს პასუხი გაეცემა. ჩვენ ამ საქმეს ვსწავლობთ. ვეცდებით, მეტი ინფორმაცია მივიღოთ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.”

ომბუდსმენის თქმით, თუ საქმე დროში გაიწელა, საკითხის სხვა ფორმატში შესწავლა გახდება აუცილებელი:

“იმედი მაქვს, რომ გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება. თუ არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე მივიღეთ, დღის წესრიგში დგება სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა, მათ შორის შესაძლებელია იყოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში. ვფიქრობ, გამოძიებას კიდევ უნდა მივცეთ გონივრული ვადა, რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს.”
____________________________________________________________

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

თავად ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია. ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი