ახალი ამბები

ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა

17 მაისი, 2017 •
ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც მას მოწმის სახით გამოკითხავენ. როგორც მან პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალური აუდიტორისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა მას არ მიუყენებია.

ჟურნალისტების კითხვას, მაშინ ვინ სცემა ლაშა თორდია, მან ასე უპასუხა: “ჰკითხეთ თორდიას”.

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, 13 მაისს, გამთენიისას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. მისივე თქმით, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას ეხებოდა, კერძოდ, საქმე 2016 წელს მიწების გადაცემის საკითხს ეხება და მასში ოთარ ფარცხალაძის გვარი ფიგურირებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოთარ ფარცხალაძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს, რათა მისი დარღვეული უფლებები აღადგინოს და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოახდევინოს საჯარო ცილისწამებისთვის. ფარცხალაძის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად ავრცელებს.  მისივე  განცხადებით, კონფლიქტის ინიციატორი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი