ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ხუთმა პირმა, მათ შორის, მცხეთის გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა, ლისის ტბაზე სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწა თაღლითურად მიითვისა, შემდეგ კი გაყიდა, რითაც მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
მათივე ცნობით, დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის ოთხი წევრი, მათ შორის, სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი, ხოლო ერთი პირი ამავე ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
“აღნიშნულმა პირებმა, წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებით, კერძოდ, ყალბი მიღება – ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი 15 000 კვ.მ. (1,5 ჰა) მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციის შედეგად ბრალდებულები კანონსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 1 000 000 ლარზე მეტს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძველი მიღება – ჩაბარების აქტების ცარიელი ბლანკები,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
უწყების ცნობით, გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თაღლითობას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.