მართლმადიდებელი მრევლის ნაწილმა დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცის დღე მასშტაბურად აღნიშნა – გაიმართა კონცერტები, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი და მოეწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით ვარდების მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით.
17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.
17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშავენ. სწორედ 17 მაისს, 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებების სიიდან ამოიღო.
დღეს თბილისშიც აღნიშნეს ჰომოფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღე. აქცია დილით მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართა და მათ ყველა მხრიდან იცავდა პოლიცია.
დილის 9 საათიდან დაიწყეს შეკრება რუსთაველის გამზირზე მართლმადიდებელი მრევლის წევრებმაც. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადახადეს.
დაახლოებით 10 საათისთვის, როდესაც ფილარმონიასთან შეკრებილებმა გაიგეს, რომ მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის აღსანიშნავი აქცია, მათი ნაწილი, მათ შორის, სასულიერო პირები, დავით ნოზაძე და დავით ქვლივიძე, გაემართენ კანცელარიის მმიმართულებით. ინგოროყვას ქუჩა მათ პოლიციელების მიერ გადაკეტილი დახვდათ.
“ვის იცავთ, ამათ იცავთ? დავისჯებით” – მიმართა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს იცავდნენ.
პოლიციელებთან კონტრაქციის სხვა მონაწილეებმაც ისაუბრეს, მაგრამ ამას არ მოჰყოლია დაპირისპირება. პოლიციელები მრევლს პასუხს არ უბრუნებდნენ.
“იქ რა აქციაც ეწყობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან გულსატკენია. ის ადამიანები ცოდვაში არიან და კიდევ უნდათ, რომ ეს თავიანთი მდგომარეობა გახადონ ყველასთვის დასანახი. ამის მომხრე ვერ ვიქნებით, იქ არის ცოდვა და საჭიროა, ადამიანებმა, ბავშვებმა და ოჯახებმა იცოდნენ და არ მოტყუვდნენ, როგორც ისინი ამბობენ, რომ ის არის პროგრესი და ეს არის გაუნათლებლობა. ვფიქრობ, ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ. საქართველოში უმრავლესობა ამის მოწინააღმდეგეა,”- ამბობს ნეტაზეთთან საუბრისას ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილი მრევლის წარმომადგენელი ელენე ბაქრაძე.
მას შემდეგ, რაც ინგოროყვას ქუჩაზე შეკრებილი მრევლის ნაწილმა შეიტყო, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაიშალნენ, ეტაპობრივად ჩავიდნენ რუსთაველის გამზირზე და ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს შეუერთდნენ.
ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავად შეკრებილ მრევლს შორის ბევრი ბავშვი იყო.
საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს თან ხატები ჰქონდათ.
ოჯახის სიმტკიცის დღის აღსანიშნავ მსვლელობაში მონაწილეებს შორის იყვენ ჩოხოსნებიც.
“ოჯახი – ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარი”, “სამშობლო ოჯახიდან იწყება”, “17 მაისი – ოჯახის სიმტკიცის დღე” – ეწერა 17 მაისს გამართულ მსვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ ბანერებსა და პლაკატებზე.
საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ გვარებიც. თითოეულ გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც მსვლელობაზე მივიდნენ, თან ჰქონდათ საგვარეულო გერბი, რომელიც დროშაზე გვართან ერთად იყო დატანილი. გვარები ხატებით მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ოჯახებით იყვნენ მიწვეული.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან შუადღის 13:10-ზე დაიწყო. მრევლი სამების საკათედრო ტაძრამდე ფეხით მივიდა.